ევროკავშირს მოლდოვის არჩევნების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია. თუმცა საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენლის, პიტერ სტანოს თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის რეფერენდუმი რუსეთის უპრეცედენტო ჩარევით ჩატარდა.
"ჩვენ ვიცით რომ ხმის მიცემა ჩატარდა რუსეთისა და მისი ძალების მხრიდან უპრეცედენტო ჩარევითა და დაშინებით. ისინი ცდილობდნენ მოლდოვაში დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციას". – თქვა სტანომ.
სტანომ აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების პროცესი რუსეთის მხრიდან 20 ოქტომბრამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.
მოლდოვაში ბიულეტენები 100%-ით დაითვალეს. რეფენდუმში, მოსახლეობამ უპასუხა კითხვას: "უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?" არსებული მონაცემებით, მოსახლეობის 50.46%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 49.54% კი წინააღმდეგია.
რეფერენდუმის პარალელურად, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, სადაც პროდასავლელმა მაია სანდუმ ხმების 42% მოიპოვა. სანდუსთან ერთად მეორე ტურში პრორუსული პოპულისტური პარტიის კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო გადავიდა, რომელმაც ხმების 26% მოიპოვა. არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.