ტვ პირველის ინფორმაციით, გუშინ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის მხარდამჭერ მარშზე სცენაზე გამომსვლელებს სახეში ლაზერს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ანათებდნენ.
გამოცემის ცნობით, სასტუმრო მონოგრაფის აივანზე ლაზერებით შეიარაღებულთა შორის იყვნენ ოცნების პარტაქტივის წევრები დათუნა არჩვაძე და საბა გორგაძე, რომელიც ასევე შპს ფაირიქსის მფლობელია.

პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ლაზერიანი ახალგაზრდები იმ დაჯგუფების წევრები არიან, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე მათი გუნდის წარმომადგენლებს დაესხა თავს.
მეზვრიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი თბილისის მერის, კახა კალაძის პირადი მძღოლის შვილი, დავით დვალია, რომელიც ამაღლების ქუჩაზე თავდასხმის ვიდეო კადრებშიც ჩანს.

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ლაზერის "მიმნათებლები" როგორც ჩანს, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები".
"როგორც იგორ ნარმანია და სხვა ნაციონალი ახალგაზრდები იყვნენ გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები, რატომ არის გამორიცხული, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს სამოქალაქო აქტივისტი". - უთხრა ჟურნალისტს კობახიძემ.
გუშინ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე, სცენაზე გამომსვლელების ნაწილს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს სახეში ლაზერს ანათებდნენ. აქციის მონაწილემ და სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ გეგუჩაძემ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ლაზერებს თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო მონოგრაფში შეკრებილი პირები ანათებდნენ და იდენტობის დამალვის მიზნით თავზე პლედების გადაფარებას ცდილობდნენ.





