BBC-სთან ინტერვიუში, ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია ამბობს, რომ გეგმავს რუსეთში დაბრუნებას და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მას შემდეგ, რაც პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში.
"ჩემი პოლიტიკური მეტოქე ვლადიმირ პუტინია და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მისი რეჟიმი რაც შეიძლება მალე დაემხოს. როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ" – ამბობს ნავალნაია.
ინტერვიუში ნავალნაიამ დაამატა, რომ ის რუსეთში დაბრუნებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში. თუმცა, მას სჯერა, რომ მოვა დრო, როდესაც რუსეთში შესაძლებელი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევას ედავებოდა.
დაკავების შემდეგ ნავალნის დამატებითი ბრალდებები წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში მას სასჯელაღსრულების კოლონიაში პირობითი სასჯელის დარღვევისთვის 2.8 წელი მიუსაჯეს. მოგვიანებით, 2021 წლის მარტში იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ცილისწამებისთვის გაასამართლეს. 2022 წლის მარტში ნავალნის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საბოლოოდ, 2023 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.
ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს პატიმრობაში, რუსეთის იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.





