წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პროდასავლელი პრეზიდენტი, მაია სანდუი ხმების 37%-ით ლიდერობს, ხოლო მისი პრორუსი მეტოქე, ალექსანდრ სტოიანოგლო ხმების 29%-ით მეორე ადგილზეა. ამას გარდა, მესამე ადგილზე გავიდა რუსეთში გამდიდრებული რენატო უსატიი, რომელმაც ხმების 13% მიიღო.
თუკი საბოლოო შედეგების მიხედვით კანდიდატებიდან ხმათა უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი შეძლებს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს დაინიშნება.
არჩევნებამდე სტოიანოგლოს, რომელიც არჩევნებში სანდუს მთავარი კონკურენტად ითვლება, მხარდაჭერა ოპოზიციის ყველაზე პოპულარულმა წარმომადგენელმა, ექსპრეზიდენტმა, იგორ დოდონმა და მისმა სოციალისტურმა პარტიამ გამოუცხადეს.
დოდონმა სტოიანოგლოსთვის გზის გასათავისუფლებლად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ყოფილი პროკურორის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა, თუმცა, მის ინიციატივას მხარდაჭერა არ ჰქონდა.
არაერთი დასავლური გამოცემის შეფასებით, სტოიანოგლოს კანდიდატურის მხარდამჭერები, იგორ დოდონი და მოლდოვის სოციალისტური პარტია არამხოლოდ პრორუსული განწყობის არიან, არამედ ისინი პირდაპირ კრემლიდან იმართებიან.
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ამომრჩევლებმა ასევე მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმშიც მიიღეს მონაწილეობა. რეფერენდუმის ჩატარებისთვის საჭირო იყო, რომ პროცესში მონაწილეობა სიაში მყოფ მოქალაქეთა 33%-ს მიეღო, რა ზღვარიც გადაილახა.
რეფერენდუმზე მოლდოველებს აზრი უნდა გამოეხატათ კითხვაზე, უნდა გაკეთდეს თუ არა მოლდოვის კონსტიტუციაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი. გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს ამომრჩეველთა 63% უჭერდა მხარს.
ხმის მიცემის დროს სტოიანოგლომ რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა და თქვა, რომ იგი "დაბალანსებულ" საგარეო პოლიტიკას ემხრობა, რომლითაც მოლდოვა ურთიერთობებს ევროკავშირთან, რუსეთთან, აშშ-სთან და ჩინეთთან განავითარებს.
წინასწარი შედეგებით, რეფერენდუმში ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას ამომრჩეველთა 45.78%-მა დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი 54.22%-ი იყო, თუმცა, ჯერ ადრეა იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება რეფერენდუმის საბოლოო შედეგი.





