ფედერალისტები

ჩერგოლეიშვილი: აქ ვართ ისინი, ვისაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია ახალი რესპუბლიკის დაფუძნება

მეგობრებო, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის.

ჩემთვის დიდი პატივია რომ თქვენი არჩევანი ვარ, იმიტომ რომ
ზუსტად ვიცი, რომ თქვენ გონებით და გულით ხელმძღვანელობთ და არა ფეხის ხმით. 
 
 ახლა საქმე - აქ შევიკრიბეთ და პარტიას ვაფუძნებთ ის  მოქალაქეები, ვისაც მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის მომავალი, მისი მოქალაქეების ხელშია.
 
აქ ვართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს სამართლიანი და ძლიერი, საჭიროა საქართველოს მოქალაქეები გაძლიერდნენ და წონა შეიძინონ. 
 
აქ ვართ ისინი, ვისაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია რუსული ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან ქართული პოლიტიკური სისტემის გაწმენდა და ახალი რესპუბლიკის დაფუძება! 
 
აქ ვართ ისინი, ვისაც კორუმპირებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ აიძულა ირწმუნოს, რომ საქართველოს ისტორიული მისია გახდეს ევროპული ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი, შეუძლებელი მისიაა. 
 
დღეს, სურეალისტურ ვითარებაში ვართ: 
 
დასავლეთისგან სრულიად იზოლირებული ქართული ოცნება კვაზი-ტერორისტულ ორგანიზაციად იქცა და ღიად იმუქრება, რომ თუ ხმას არ მივცემთ, რუსეთი დაგვხოცავს. 
 
მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი, ბატონი ივანიშვილი, ჯავშნოსანი კოლბით გადაადგილდება საქართველოს მასშტაბით და გაიძახის, რომ ჩიტების ჭიკჭიკის ნაცვლად, ბომბების წვიმას მივიღებთ - რუსეთი უკრაინასავით მიწასთან გაგვასწორებს, თუ მას არ ავირჩევთ. 
 
იგივეს იმეორებენ მისი ლაქიები. 
 
ამ ტერორისტული შანტაჟის ილუსტრაციებით არის აჭრელებული ავტობუსის გაჩერებები, ქუჩები, მაგისტრალები... 
 
ზოგადად, ტერორის ამოცანა შიშის გამოწვევა და შემდეგ, შიშით საზოგადოების მანიპულაციაა, მიზეზი მარტივია - შიშით შეპყრობილი ადამიანი, ხშირად რაციონალურობას კარგავს და იოლად შეგიძლია გააბრიყვო. 
 
ივანიშვილის წინასაარჩევნო ტერორიზმიც შიშზე კაპიტალიზაციას ემსახურება. 
 
საქმე ისაა, რომ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა უკვე კარგად იცის, რომ რეჟიმის დარჩენა ქვეყნის სათავეში დასავლეთისგან სრულ იზოლაციას და დასავლური სიკეთეების - თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ნიშნავს. 
 
ამავდროულად, ამომრჩევლის 80 პროცენტი პროდასავლელია.  
 
საარჩევნო მეწყერს რომ გადაურჩეს და არ წაილეკოს, ივანიშვილს სასიცოცხლოდ სჭირდება, რომ ამ პროდასავლელი ელექტორატის ნაწილმა მხარი დაუჭიროს და რუსეთის შიშით, ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ და უსაფრთხო მომავალზე უარი თქვას. 
 
რუსული აგრესიის საფრთხე რეალურია, რაც ივანიშვილის მუქარას ზურგის ქარს უქმნის - ყველა ჩვენგანი უყურებს ომს უკრაინაში და ხედავს უდიდეს მსხვერპლს და ნგრევას. 
 
ამას გარდა, ჩვენივე მეხსიერება ხდის ამ საფრთხეს რეალურს - ყველა მასშტაბური მსხვერპლი, რაც ბოლო ასი წლის განმავლობაში ქართველებს გაგვიღია, ყველა ნგრევა, რაც განგვიცდია, ყველა შიმშილი, რაც გამოგვივლია, ყველა სიბნელე, რაც გვქონია და ყველა ომი, რაც გვიბრძოლია უკავშირდება რუსეთს. 
 
თუკი 30 წლის წინ რთული დასაჯერებელი იყო, დღეს ცხადზე ცხადია, რომ რუსეთი არ შეგუებია ცივი ომის შედეგებს და მისი ამოცანა საბჭოთა კავშირის დროინდელი გეოპოლიტიკური წესრიგის აღდგენაა - იმ წესრიგის, რომელშიც საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობაა მიუღებელი. 
 
ასე რომ კი, ივანიშვილის რეჟიმისთვის ნამდვილად იოლია რუსულ საფრთხეზე აპელირება - რუსული ტერორი ნანახი გვაქვს და რეალურია.
 
დღესაც ვხედავთ უკრაინაში. 

მაგრამ რუსული ტერორი რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენით და დასავლეთისგან იზოლაციით როგორ განეიტრალდება? 
 
პირიქით, ჩვენივე გამოცდილება ხომ იმას გვკარნახობს, რომ რუსეთისგან ყველაზე დიდი ზიანი სწორედ მაშინ მივიღეთ, როდესაც დასავლეთისგან იზოლირებულები ვიყავით?
 
1921 წლის ანექსიას რომ თავი დავანებოთ, სტალინურ რეპრესიებს 20 ათასზე მეტი საუკეთესო ქართველი შეეწირა, 200 ათასამდე ქართველი ან დააპატიმრეს, ან გადაასახლეს, მოგვიანებით, ჯერ  ნაცისტურ გერმანიას შეეკრნენ და მეორე მსოფლიო ომი დაიწყეს პოლონეთის დაპყრობით, ხოლო ხოლო შემდეგ ყოფილ მოკავშირესთან, ჰიტლერთან ომში დახოცეს 300 ათასამდე ქართველი. 
 
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ნატოს და ევროკავშირის წევრობის ხსენებაც კი რომ არ იყო დღის წესრიგში საქართველოსთან მიმართებით, ცივ ომში დამარცხებულმა რუსეთმა, ქართველების გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოაწყო აფხაზეთში. 1992-1993 წლების ეთნიკურ კონფლიქტად შეფუთულმა რუსულმა აგრესიამ, უსახლკაროდ დატოვა და დევნილად აქცია ჩვენი ასობით ათასი  თანამოქალაქე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან . რუსეთმა, ყოველგვარი ნატოში და ევროკავშირში სწრაფვის გარეშე, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაანაწევრა ქართული სახელმწიფო, რომ მასზე კონტროლი შეენარჩუნებინა.
 
 2008 წლის ომიც მაშინ დაიწყო, როდესაც დასავლურ ბანაკში განხეთქილების გამო, ძალის ვაკუუმი შექმნა და საქართველოს, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ბუქარესტის სამიტზე ზოგიერთი წევრის მიერ დაიბლოკა. მაგრამ, ამის მიუხედავად, 90-იანი წლების ომების მსხვერპლის და ნგრევის მასშტაბთან ახლოს ვერ მივიდა, სწორედ იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო უკეთეს ფორმაში იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, 90-იან წლებთან შედარებით და დასავლეთი, მართალია დაგვიანებით და არასრულფასოვნად, მაგრამ გაცილებით უფრო აქტიურად დაგვიდგა გვერდში - ზოგ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით  - ყველას გვახსოვს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლნეთის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის, ფინეთის საგარეო მინისტრები ქართულ მიწაზე, როცა საქართველო რუსეთის მიერ იბომბებოდა. ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და საგარეო მინისტრი და არა პასტუხოვი და შოიგუ, რის შედეგადაც ჩვენი ძალოვანი მინისტრები რუსეთმა დანიშნა და დესეთეში შეგვათრიეს, ფაქტობრივად სუვერენიტეტი წაგვართვეს, შეუმდგარი სახელმწიფოების რიგში ჩაგვაყენეს. 
 
ივანიშვილის მარცხზე და რუსეთის „არ გაღიზიანებაზე“ არ არის დამოკიდებული რუსეთის განზრახვები და გეგმები. რუსეთს ივანიშვილის გარეშე აქვს ისტორიის რევიზიის და უწინდელი გავლენის აღდგენის გეგმა, რაც საქართველოს სუვერენიტეტს გამორიცხავს. 
 
ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უმცირესობა, ვინც მზადაა სუვერენიტეტი დათმოს იმ მოტივით, რომ გარისკვა არ უნდა. მაგრამ ეს ხომ ჩვენივე გამოცდილებით ვიცით რომ კონტრპროდუქტიულია?
 
სუვერენიტეტის რუსეთისთვის დათმობამ მშვიდობა რომ არ მოიტანა ამას ხომ ასობით ათასი გაჟლეტილი ქართველის სტატისტიკა მოწმობს საბჭოთა ოკუპაციიდან ათწლეულების განმავლობაში? 
 
გადახედეთ უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ეთნიკურ შემადგენლობას - უმცირესობების ხვედრითი წილი დისპროპორციულად დიდია, ისევე როგორც ქართველების - მეორე მსოფლიო ომში. 
 
მათემატიკური სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ რომ რუსეთისთვის სუვერენიტეტის დათმობა განუზომლად მეტ მსხვერპლს ნიშნავს! 

მაშინ რა ვქნათ, რომ მშვიდობა დავიცვათ? 
 
ერთადერთი გზა, რომ ომისგან თავი დაიცვა, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, არის ომისთვის მზადყოფნა. 
 
Si vis pacem, para bellum  - თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის - ანტიკური საბერძნეთის და რომის სიბრძნის ჭეშმარიტება ისტორიის გამოცდილია. 
 
ომს არ იწყებენ იმასთან, ვინც ომისთვის მზადაა.
 
მშვიდობა იმას აქვს, ვისთან  ომიც საშიშია.
 
რუსეთთან მარტო დარჩენილი საქართველო ომისთვის მზად არასოდეს არ იქნება - შესაბამისად, არასოდეს ექნება მშვიდობა. 
 
ომისთვის რომ მზად იყოს საქართველოს სჭირდება მოკავშირეები.
 
ისეთი მოკავშირეები რომლებიც აღიარებენ და პატივს სცემენ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომლებიც საქართველოს მტრებს საკუთარ მტრებად აღიქვამენ. 
 
ასეთი მოკავშირეები ჩვენ გვყავს ტრანსატლანტიკურ სამყაროში.
 
ისინი არ არიან იდეალურები, მაგრამ უკეთესი არჩევანი ჩვენ არ გაგვაჩნია. 
 
მხეცთან პირისპირ, მარტო და უიარაღო თუ დარჩები, შეგჭამს.
 
ვინც თავისუფლებას უსაფრთხოების გამო თმობს, ვერც უსაფრთხოებას იღებს.
 
თუ გვსურს რუსეთმა ომი ვერ დაგვიწყოს, თუ გვსურს მშვიდობა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის და ამას მხოლოდ დასავლური, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ შევძლებთ.
 
ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა მივიდეთ, ჩვენ უნდა გავაფერადოთ, და ჩვენ უნდა დავამარცხოთ! 
 
იმიტომ რომ სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს!

თქვა ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტიის დაფუძნების ღონისძიებაზე. 

კომენტარები