თბილისის მერი, კახა კალაძე ზღვისუბნის პარკში ჯგუფ მგზავრების მიერ გაუქმებულ კონცერტს გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ მგზავრებმა დაგეგმილ ღონისძიებაზე უარი ზეწოლით, "ლიბერალური ფაშიზმის" შედეგად თქვა.
"ღირსება არ უნდა დაკარგო. სადაც და როგორც არ უნდა იყო, ღირსება უნდა შეინარჩუნო. გეტყვით, რატომ არის ფარისევლური - ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს იღებ, რა ევროპასა და ევროპულ მომავალზე გველაპარაკებიან. ოკუპაციაზე ერთი სიტყვაც არ უხსენებიათ [...] ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო და კონცერტი ზეწოლის შედეგად გააუქმეს. ეს ჩვეულებრივი ფაშიზმია, ლიბერალიზმი რაც არის, ფაშისტური ქმედებები. ვნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა შეურაცხყოფას აყენებდნენ [...] თვითონ განაცხადეს, მიუღებელია და ჩვენი გზა ევროპაშიაო, თითქოს, ქვეყანა სხვაგან მიდიოდეს. ამას ვამბობ, რომ ეს არის ფარისევლობა". - თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებას თბილსის მერიაც გამოეხმაურა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, მერია მიიჩნევს, რომ მგზავრებმა ე.წ. ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების ბულინგს ვერ გაუძლეს, რაც ჯგუფის მიერ კონცერტის გაუქმების მიზეზი გახდა.
ჯგუფმა მგზავრებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
"მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია". - დაწერა ჯგუფმა Facebook-ზე.
თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტი, სადაც მგზავრებს უნდა ემღერა, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე უნდა გამართულიყო.
თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად, 20 ოქტომბერს მოქალაქეებს ზღვისუბნის პარკში კონცერტზე ეპატიჟება, სადაც მათ "დაუვიწყარი საღამო ელოდებათ".