არჩევნები 2024

ჯოჯუა: ოცნების შეკრებაზე ფოთიდან პედაგოგების ძალით წაყვანას საკრებულოს წევრი აორგანიზებდა

ფოთის საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ანიტა ჯოჯუა ამბობს, რომ გუშინ, 15 ოქტომბერს, ფოთიდან ზუგდიდში ქართული ოცნების რეგიონულ ღონისძიებაზე დასასწრებად მასწავლებლები იძულებით წაიყვანეს, ამ პროცესს კი ორგანიზებას ფოთის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ კვინჩია უწევდა.

ჯოჯუას თქმით, ამის დამადასტურებელი სმს შეტყობინება მათ რამდენიმე პედაგოგმა თავად გაუგზავნა.

"გუშინდელ მორიგ პარტიულ ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, ბიძინა ივანიშვილი შუშის კოლბიდან ქალაქებიდან და სოფლებიდან იძულებით ჩაყვანილ საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს მიმართავდა. რამდენიმე პედაგოგმა ის სმს შეტყობინება მოგვცა, საიდანაც ჩანს, რომ პედაგოგებში ამ პროცესს ორგანიზებას ფოთის საკრებულოში ქართული ოცნების წევრი, ქალაქში აგრესიულობითა და უპრინციპობით გამორჩეული ზაალ კვინჩია უწევდა, რომელიც ამავე დროს ერთ-ერთი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების "მასწავლებელიცაა". ზოგადად, რა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე უნდა ესაუბროს ის ახალგაზრდობას, როცა ყველა დემოკრატიულ ნორმას თავად არღვევს.

ქართული ოცნების ეს თავშეყრა ნათლად გვაჩვენებს მათ შეგუებას მარცხთან, რაც გარდაუვალია და ამას 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დაადასტურებს". - წერს ანიტა ჯოჯუა Facebook-ზე.

TV პირველი იმ შეტყობინების სქრინს ავრცელებს, რაც მათი მტკიცებით, ფოთში საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს გაუგზავნეს. TV პირველის ცნობით, ეს სქრინი თავად მასწავლებლების ნაწილმა გაასაჯაროვა. 

 

კომენტარები