20 ოქტომბერს, პარტია ფედერალისტების დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ, პარტია 20 ოქტომბერს ჩანიშნულ ცვლილებების მარშს რესპუბლიკის მოედანზე შეუერთდება.
"მეგობრებო, 20 ოქტომბერს გაიმართება ფედერალისტების დამფუძნებელი ყრილობა და შემდეგ, დამფუძნებელი დელეგატები ცვლილებების მარშს შევუერთდებით რესპუბლიკის მოედნიდან.
არაფერი ისე ზუსტად არ მცოდნია, როგორც ის, რომ საქართველოში ნამდვილად შეიქნება თანამედროვე, ფესვიანი, შინაარსიანი, მართალი და ძლიერი პარტია.
წინა პარტიაში მიღებული ცოდნა და მწარე გამოცდილება კენწეროში კანონზომიერად გატკბილდება, იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლეთ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ქვა ავაყვავოთ!
ვისწავლეთ მხარდამჭერთა რიცხვი როგორ გავზარდოთ მაშინ, როცა მთელი კორუმპირებული პოლიტიკური სპექტრი და მათი მონა ტელემედია უკადრებელი მეთოდებით გვიპირისპირდება!
ვიცით რა სჭირდება ხალხს, ვიცით როგორ მივაწოდოთ, ვიცით ვის მივაწოდოთ, რომ იმან სხვას გადააწოდოს!
ამ არჩევნებს ვტოვებთ იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების დიდებული სტარტი არ გავიფუჭოთ - მაგრამ მონაწილეებზე უკეთ დაგარწმუნებთ, რატომაა მნიშვნელოვანი სტატუს კვოს ცვლილება აქ და ახლა, მათ შორის იმისათვის, რომ ოპოზიციონერი მონსტრები უფრო იოლად გავანეიტრალოთ.
ჩვენს იდეებს ერთგული მხარდამჭერები ყავს, რომლებიც მზად არიან იმოქმედონ ამ იდეების გასავრცელებლად და გასაძლიერებლად". - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში





