ევროკავშირი-საქართველო

იონათამიშვილი ფიშერზე: თუ ჰგონიათ, რომ ისინი აქ ბატონები არიან, ძალიან ცდებიან

ქართული ოცნების წევრი, რატი იონათამიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"ეს არც დიპლომატიურ სტანდარტში ჯდება და - ერთი ქვეყნის ელჩი თავს იმის უფლებას არ უნდა აძლევდეს, რომ პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მსგავსი ტონით ისაუბროს. თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი აქ ბატონები არიან, ძალიან ცდებიან. ჩვენ ამაყი და თავისუფალი ერი ვართ და ასეთ განცხადებებს არასოდეს მივიღებთ და შევეგუებით.

ვხედავთ, გარე აქტორებს იმის მცდელობა აქვთ, რომ ჩვენს საარჩევნო პროცესებში პირდაპირ ჩაერიონ და ამით მის შედეგებზე გავლენა მოახდინონ. მაგრამ, რეალურად, ეს მცდელობები და ქმედებები მათთვისვე კონტრპროდუქტიული იქნება და ეს სამართლიანიც არის. ერთადერთი შედეგი, რაც დადგება, არის ის, რომ ქართულ ოცნებას დაეხმარებიან იმაში, რომ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა უფრო მტკიცედ და მაღალი ლეგიტიმაციით მოვიპოვოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება". - თქვა იონათამიშვილმა.

"Image removed. დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა" - დაწერა X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

ფიშერი, სავარაუდოდ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე თქვა, რომ "ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში"

ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა თქვა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს

კომენტარები