მედია ნასტოიაშეე ვრემიას ინფორმაციით რუსეთის ციხეებიდან ტაჯიკ და უზბეკ მიგრანტებს უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გზავნიან.
გამოცემის რედაქციას წერილით ტაჯიკმა კაცმა სახელად ჯოვიდმა მიმართა, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში აქვს პატიმრობის ვადა მოხდილი.
როგორც ჯოვიდი წერს, მოსკოვთან ახლომდებარე კოლონიაში მყოფი ტაჯიკი და უზბეკი პატიმრები კრიტიკულ სიტუაციაში არიან, ვინაიდან არ სურთ ომში წასვლა, მაგრამ ვერ აგრძელებენ ცხოვრებას იმ პირობებში, რომლებშიც მათ ციხის ადმინისტრაცია ამყოფებს. ყოფილი პატიმრის თქმით, გასამართლებულ უცხოელებს აიძულებენ უარი თქვან თავიანთ მოქალაქეობაზე და რუსულ პასპორტს აძლევენ, შემდეგ კი ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე უშვებენ.
"თუ ხელს არ მოაწერ, გადაგიყვანენ საჯარიმო იზოლატორში. მათ (ციხის თანამშრომლებს) სურთ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანონ პატიმრები, რომ ციხეში დამცირების ატანას ომში დაღუპვა ერჩივნოთ". – ამბობს ჯოვიდი.
ჯერ კიდევ 2023 წელს ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ რუსეთი მიგრანტებს ომში წასვლას აიძულებს.





