NASA იუპიტერის თანამგზავრზე - ევროპაზე, სიცოცხლის კვალის აღმოსაჩენად მისიის გაგზავნას გეგმავს. როგორც The Guardian წერს, მეცნიერების შეფასებით, თანამგზავრზე ორჯერ მეტი მოცულობის წყალია, ვიდრე დედამიწაზე.
მისია Europa Clipper ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 14 ოქტომბერს უნდა გაფრინდეს, წინა დაგეგმილი გაშვება მილტონის ქარიშხლის გამო გადაიდო.
კოსმოსურმა ხომალდმა დაახლოებით 3,2 მილიარდი კილომეტრი უნდა გაიაროს, დანიშნულების წერტილს კი, გეგმის მიხედვით, 2030 წელს მიაღწევს.
"ეს ჩვენი შანსია, გამოვიკვლიოთ არა წარსული, მილიარდობით წლის წინ არსებული ცოცხალი სამყარო, არამედ, დღესვე საცხოვრებლად ვარგისი სამყარო". - თქვა მისიის ერთ-ერთმა მეცნიერმა, კურტ ნიბურმა.
მისიის 30 მეტრიანი კოსმოსური ხომალდი 6 ტონას იწონის. კოსმოსური ხომალდი აღჭურვილია ენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო დიდი მზის პანელებით, თანამგზავრის ზედაპირის რუკის აღსაბეჭდად საჭირო კამერებით და ევროპის სქელი, ყინულოვანი ზედაპირის მიღმა სივრცის დასათვალიერებლად საჭირო რადარებით.
მისიის ფარგლებში ასევე იგეგმება ორგანული ნივთიერებებისა და გაზების კვალის აღმოჩენა, რათა შეფასდეს თანამგზავრის დასახლების სამომავლო პერსპექტივები.
წინასწარი დაკვირვებით და მონაცემებით, თანამგზავრზე წყლის გიგანტური ნაკადები და 129 კილომეტრის სიღრმეზე მიწისქვეშა ოკეანე მდებარეობს. იუპირეტის თანამგზავრის ოკეანე შესაძლოა დედამიწის ოკეანეზე ორჯერ დიდი იყოს, თუმცა ის დაახლოებით 20 კილომეტრის სისქის ყინულოვანი საფარითაა დაფარული.
"რამდენადაც ვიცით, წყალი აუცილებელია სიცოცხლისთვის და თუ ჩვენ ვაპირებთ სადმე მზის სისტემაში სიცოცხლის რაიმე ნიშნის პოვნას, დიდი ალბათობით, ის იქნება ყინულოვან მთვარეზე". - თქვა NASA-ს დიდი ბრიტანეთის კოსმოსური მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დოქტორ კაროლინ ჰარპერმა.