NATO

NATO-მ ყოველწლიური ბირთვული წვრთნები დაიწყო

Abaca/picture alliance

14 ოქტომბერს NATO-მ ყოველწლიური ბირთვული წვრთნები, Steadfast Noon, დაიწყო. სამხედრო წვრთნები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ბრიუსელის NATO-ს შტაბ-ბინის ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას დაახლოებით 2000 ჯარისკაცი მიიღებს. საჰაერო წვრთნებში NATO-ს 13 წევრი ქვეყნის 60-ზე მეტი თვითმფრინავი ჩაერთვება, მათ შორის, შორი დისტანციის ბომბდამშენები, რეაქტიული თვითმფრინავები ბირთვული ქობინებით, ასევე სათვალთვალო და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები.

წვრთნები ძირითადად ჩატარდება ბელგიისა და ნიდერლანდების საჰაერო ბაზებზე, ასევე დანიისა, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთი ზღვის საჰაერო სივრცეში.

NATO წვრთნების დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა სამხედრო ექსპერტების აზრით, მანევრები მიწისქვეშა საწყობიდან აშშ-ს ბირთვული იარაღის უსაფრთხო ტრანსპორტირებას  და მათ მოიერიშე თვითმფრინავებზე დამონტაჟებას მოიცავს.

Ukrinform-ის ცნობით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ხაზი გაუსვა, რომ Steadfast Noon მკაფიო გზავნილია მოწინააღმდეგეებისთვის, რომ ალიანსი თავის დასაცავად ყოველთვის მზად არის.

კომენტარები