ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკოს თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მათმა ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.
"სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსი ტიპის ზეწოლა, მაშინ როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავდაუზოგავად მუშაობენ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მათ ინტერესებს და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას მათი კანონიერი უფლებების დასაცავად. შეტყობინების ადრესატი ჩვენი კოლეგები საარჩევნო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად აგრძელებენ მუშაობას და მსგავსი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას" - წერია ცესკოს განცხადებაში.
ცესკო აცხადებს, რომ არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას და მათი ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.





