ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ვერა იუროვა საქართველოს შესახებ მოხსენებით წარდგა.
"დემოკრატიის გაუარესება და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე საქართველოში" – იუროვამ ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ანტიევროპულ რიტორიკასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი ტესტია.
"26 ოქტომბერს საქართველოს 3 მილიონზე მეტი მოქალაქე მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე, ეს არჩევნები არის გადამწყვეტი საქართველოს ევროპული გზისთვის. ეს ასევე იქნება უმნიშვნელოვანესი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის.
გასულ დეკემბერს, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული მთავრობისთვის, რათა მათ გაეტარებინათ მნიშვნელოვანი რეფორმები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. ამის ნაცვლად, მმართველმა პარტიამ მიიღო კანონები, რომლებმაც ქვეყანა დააშორა ამ მიზნებს. მასობრივი პროტესტების მიუხედავად, უცხოური გავლენის კანონი, რომელიც ზიანს აყენებს მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, თავიდან შემოიტანეს და მიიღეს. ასევე მიიღეს სხვა კანონები, რომლებიც ახდენს ლგბტ თემის სტიგმატიზებას და ასევე ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. ამავდროულად, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა გაიზარდა და უფრო ხმამაღალი გახდა.
საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიულ რიტორიკას ევროკავშირმა შესაბამისი ზომებით უპასუხა – საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, პოლიტიკური კონტაქტები შემცირებულია, შეჩერებულია ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, ევროკავშირის 30 მილიონიანი დახმარება და ასევე, ხდება მხარდაჭერის პორტფელის გადახედვა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეცვალონ აღებული გეზი და ჩვენ გავზარდეთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.
ამ ზომების გაუქმება შესაძლებელია თუ იარსებებს შესაბამისი პოლიტიკური ნება. საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს იმით, რომ გაიწვიონ ის კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კერძოდ, ის კანონები, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ჩვენ მოვისმინეთ ყალბი ბრალდებები და დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს მმართველი პარტია, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის წევრების მხრიდან, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ან ცდილობს ქვეყნის უკრაინიზაციას – ეს არის მიუღებელი, ყალბი და დამაზიანებელი ჩვენი ურთიერთობისთვის. ეს ნარატივები ემსახურება მხოლოდ რუსეთისა და მისი პროპაგანდის ინტერესებს. ევროკავშირი განაგრძობს ასეთი ცრუ ნარატივების გამოვლენას და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხის გაცემას.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ძლიერი ტექსტი საქართველოს დემოკრატიისთვის. საარჩევნო კამპანია უკვე დაზიანდა მმართველი პარტიის განცხადებებით და ქმედებებით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების გაუქმების შესახებ დაპირებით და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვის ძალისხმევით. ასეთი ტაქტიკა გვახსენებს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებას, თუ ეს ზომები განხორციელდება, ეს ნამდვილად შეეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყველა იმ პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი.
ვროკავშირი ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები იქნება მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი და რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუმცა, ხელისუფლებამ პირველ რიგში თავიდან უნდა შეხედოს ევროკავშირის ნორმებს, ღირებულებებს და კიდევ ერთხელ აიღოს ვალდებულება, რომ ივლის ევროკავშირის გზით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე". - თქვა იუროვამ.