რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთში 72 წლის ამერიკელს უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო თითქმის 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ აშშ-ს 72 წლის მოქალაქეს, სტივენ ჰაბარდს 6 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ჰაბარდს ბრალად ედება "შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად" მონაწილეობა.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი დაქირავებული მებრძოლობის შესახებ 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა ჰაბარდისთვის თავისუფლების 7 წლით აღკვეთას ითხოვდა. კრემლისტური მედიის ცნობით, ჰაბარდმა "რუსეთის წინააღმდეგ ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ბრძოლის" ბრალდება აღიარა.

სასამართლომ ჰაბარდის საქმის განხილვა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. მანამდე მის შესახებ ინფორმაცია არც რუსულ და არც დასავლურ მედიაში არ ვრცელდებოდა. ასევე, უცნობია, თუ როდის დააკავეს ის.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, სტივენ ჰაბარდი მიჩიგანის შტატშია დაბადებული და აშშ-ს მოქალაქეა. მათი ცნობით, ის უკრაინაში საცხოვრებლად 2014 წელს გადავიდა და ცხოვრობდა ქალთან ერთად, "რომელსაც ცოლს უწოდებდა".

Reuters-თან ინტერვიუში, სტივენ ჰაბარდის დამ, ტრიშა ჰაბარდმა აღნიშნა, რომ მის ძმას პრორუსული შეხედულებები ჰქონდა და მის აღიარებაში ეჭვი ეპარება.

კომენტარები