ირლანდია

Politico: ირლანდიის ამჟამინდელი პარლამენტარი რუსეთის აგენტი აღმოჩნდა

ფოტო: Ben Stansall/Getty Images

ირლანდიის ამჟამინდელი პარლამენტარი რუსეთის დაქირავებული აგენტი აღმოჩნდა, რომელსაც, სავარაუდოდ, რომანტიკული ხასიათის კავშირი ჰქონდა რუსეთის დაზვერვის აგენტთან - წერს Politico ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. ირლანდიის პრემიერმინისტრის, საიმონ ჰარისის თქმით, მას ეს ფაქტი საერთოდ არ უკვირს.

ოპოზიციის წევრი დეპუტატი ძირითადად NATO-ს საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა, ჩართული იყო პროპაგანდისტული გზავნილების გავრცლებაში და ჩრდილოეთ ირლანდიის ექსტრემისტულ ჯგუფებთან ამყარებდა კონტაქტს.

Politico-ს წყაროების მიხედვით, ირლანდიელი დეპუტატი ჯერ კიდევ 2019 წელს შეუერთდა რუსეთის აგენტების წრეს, მაშინ, როდესაც რუსეთი ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის Brexit-თან დაკავშირებული დაძაბულობის გაღრმავებას ცდილობდა, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანულ რეგიონში.

ირლანდიის პრემიერმინისტრისთვის დასმულ კითხვაზე, მუშაობს თუ არა რუსული დაზვერვის აგენტი ირლანდიის პარლამენტში, ჰარისმა უპასუხა, რომ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა, მისი თქმით, "ეს არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი".

ოფიციალური პირების ცნობით, რუსულ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დეპუტატისთვის არც ბრალი წაუყენებიათ და არც დაუპატიმრებიათ, რადგან "კრემლის აგენტებთან ურთიერთობისას, რომლებიც დუბლინში რუსეთის საელჩოში მუშაობენ, მას არ ჩაუდენია რაიმე დანაშაული". აქედან გამომდინარე, მის სახელს არ ასაჯაროებენ.

ირლანდიის პრემიერმა ვერ გაამჟღავნა ირლანდიის დაზვერვის სპეციფიკა: "ცხადია, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ არასდროს ვაკონკრეტებთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დეტალებს" - თქვა პრემიერმინისტრმა.

ჰარისმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი სახის ქმედებები რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა. მას შემდეგ ირლანდიამ უკვე ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებსაც ირლანდიის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში დაზვერვის აგენტების დაქირავებაში ედებოდათ ბრალი. ამის საპასუხოდ მოსკოვმა ათეულობით ირლანდიელ პოლიტიკოსს რუსეთში შესვლა აუკრძალა.

"რუსეთი საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას მთელს მსოფლიოში ცდილობს, არც ირლანდიაა ამისგან დაზღვეული" - ამბობს ქვეყნის პრემიერი.

ეჭვმიტანილი დეპუტატი, სავარაუდოდ, სერგეი პროკოპიევმა დაიქირავა. პროკოპიევი საელჩოს იმ ოთხ თანამშრომელს შორის ერთ-ერთია, ვინც 2022 წლის მარტში ირლანდიიდან გააძევეს. ოთხივე მათგანი რუსული სამხედრო დაზვერვის (ГРУ) წევრი იყო.

The Sunday Times-ის ცნობით, გაძევების შემდეგ პროკოპიევი ირლანდიელ დეპუტატთან კონტაქტს რუსი აგენტის მეშვეობით ინარჩუნებდა, კერძოდ, აგენტი პერიოდულად ამყარებდა დეპუტატთან რომანტიკული ხასიათის კონტაქტს.

Politico-ს მოსაზრებით, რუსეთის ინფორმატორი პოლიტიკოსი მემარცხენე ოპოზიციის წევრია და არა სამპარტიული მთავრობის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს.

ოფიციალური პირების თქმით, პარლამენტარი პოლიციის გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებდა რუსული სამსახურების პირებთან კონტაქტს. გამოძიებამ ჯერჯერობით მისი მხრიდან საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საბუთების გადაცემის ან ფულის აღების მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა.

გაზეთი The Sunday Times-ის ცნობით, რუსეთმა დეპუტატი ჩრდილოეთ ირლანდიის არალეგალურ გასამხედროებულ ჯგუფებთან, კერძოდ, ბრიტანეთის პროტესტანტული თემის "ლოიალისტ" ექსტრემისტებთან კონტაქტების გასავითარებლად დაიქირავა.

კომენტარები