ევროკავშირი-რუსეთი

THE INSIDER: ევროპარლამენტის ლატვიელი წევრი რუსეთის დაზვერვის აგენტია

ევროკავშირი-რუსეთი

THE INSIDER: ევროპარლამენტის ლატვიელი წევრი რუსეთის დაზვერვის აგენტია

მასალა მომზადებულია The Insider-ის გამოძიების მიხედვით

საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტის, The Insider-ის სამი ჟურნალისტი, ხრისტო გროზევი, მაიკლ ვაისი და რომან დობროხოტოვი აქვეყნებენ მასალას, რომელშიც საუბარია, რომ ევროპარლამენტის ლატვიელი წევრი, ტატიანა ჟდანოკა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) აგენტია.

როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, ჟდანოკა ФСБ-ს მეხუთე სამსახურისთვის, სულ მცირე, 2004-2017 წლის შუალედში მუშაობდა.

The Insider-მა გამოძიება ესტონური მედია Delfi Estonia-სთან, ლატვიური Re:Baltica-ასა და შვედური გაზეთ Expressen-თან თანამშრომლობით ჩაატარა.

გამოძიება ეყრდნობა ჟდანოკასა და ორი რუსი ოფიცრის ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერას, რომელიც გაიჟონა. ზოგიერთი სამხილი მიუთითებდა იმაზეც, თუ როგორ იგეგმებოდა ჟდანოკას შეხვედრა მოსკოვსა და ბრიუსელში მისთვის მითითებების მიმცემ პირებთან. 

პარლამენტარი ითხოვდა დაფინანსებას რუსული წყაროებისგან, რათა ლატვიასა და ევროპულ პარლამენტში ემოქმედა. გამოძიების მიხედვით, მან სულ მცირე ერთხელ მოითხოვა თანხა, რათა მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის გამარჯვება მსვლელობით აღენიშნათ.

"ვერ მივიჩნევ, რომ ეს ტექსტი არის ჩემს მიმართ დასმული შეკითხვა, რადგან ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც სავარაუდოდ გაგაჩნიათ, რაც არ უნდა გაგაჩნდეთ". – უპასუხა ჟდანოკამ The Insider-ის მიერ მის მიმართ გაგზავნილ წერილს.

The Insider-მა გამოძიებაში დაადასტურა, რომ ჟდანოკა ექვემდებარებოდა ორ პირს, რომელიც КГБ-ს შთამომავალი ორგანოს, ФСБ-ს ოფიცრები იყვნენ. გაჟონილი წერილების მიხედვით, მისი პირველი საქმის ოფიცერი იყო ФСБ-ს ვეტერანი სანქტ-პეტერბურგის ცენტრალური სამმართველოდან - 74 წლის დმიტრი გლადეი. როგორც The Insider-ი წერს, ჟდანოკას ის დაახლოებით 2004-2013 წლებში ხელმძღვანელობდა. 2013 წლის შემდეგ ევროპარლამენტარი რეგულარულად უკავშირდებოდა სერგეი ბელტიუკოვს, რომელიც 1993 წლიდან ФСБ-ს ოფიცერი იყო.

ჟდანოკამ The Insider-თან თქვა, რომ "ათას ადამიანს" შეხვედრია და ბელტიუკოვს ვერ იხსენებს. საგამოძიებო გამოცემა ამის შესაძლო ახსნად ასახელებს ფაქტს, რომ ბელტიუკოვი იყენებდა კოდურ სახელ "სერგეი კრასინს". The Insider-მა ჟდანოკას ამ სახელთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვა, თუმცა პარლამენტარს არ უპასუხია.

თუმცა, საგამოძიებო პროექტთან ჟდანოკამ დაადასტურა, რომ ის იცნობდა გლადეის, თანაც უკვე რამდენიმე ათწლეული. პარლამენტარის თქმით, ის ამ პიროვნებას 1970-იანებში, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ტურისტულ ბაზაზე შეხვდა. თუმცა თავად ჟდანოკა უარყოფს, რომ გლადლეი ჯაშუშია.

"შემიძლია ჩვენება მივცე, რომ ერთადერთი ადამიანები, ვისთანაც მაგიდასთან ვიჯექი და დანამდვილებით ვიცი, რომ რუსეთის ФСБ-ს აგენტები იყვნენ/არიან ვლადიმირ პუტინი და სერგეი ნარიშკინია". – უთხრა ჟდანოკამ The Insider-ს.

The Insiderის გამოძიებას გამოეხმაურა შვედეთის მწვანეთა პარტიის ევროპარლამენტარი, შვედეთის კულტურისა და დემოკრატიის მინისტრი, ალის ბა კუნკე. კუნკე 2022 წლის აპრილამდე მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის ვიცეპრეზიდენტი იყო. სწორედ ამ მოძრაობას ეკუთვნოდა ჟდანოკაც. კუნკეს თქმით, მისთვის ესტონელი ევროპარლამენტარის ჯაშუშობის ფაქტი "შემზარავია", თუმცა "არაა გასაკვირი", რადგან იცის, თუ როგორ მუშაობს პუტინის ჯაშუშების ქსელი.

რას წარმოადგენს ჟდანოკა

The Insider-ი ხაზს უსვამს, რომ ჟდანოკა, ისევე, როგორც ლატვიის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი, რუსული წარმომავლობისაა. მან ლატვიის მოქალაქეობა 1996 წელს მიიღო, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მიღებიდან 5 წელში. როგორც The Insider-ი წერს, მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, ქალმა საკუთარი კარიერა ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუპირისპირა და მხარს უჭერდა რუსეთს. 2009 წელს მოსკოვის საქალაქო საბჭომ რიგაში ელჩად გაგზავნა დიპლომატი გეორგი მურადოვი, რაც ემთხვეოდა ევროპარლამენტში არჩევნების ჩატარებას. როგორც საგამოძიებო პროექტი ხაზს უსვამს, დიპლომატი ლობირებდა, რომ მოსახლეობას ხმა მიეცა ჟდანოკასთვის, მათ შორის, ფულს აძლევდა მეორე მსოფლიო ომის რუს ვეტერანებს, რათა მხარდაჭერა გამოეთქვათ.

დღეს ურადოვი ოკუპირებულ ყირიმში დაარსებული როსსოტრუდნიჩესტვოს ხელმძღვანელის მოადგილეა. ოფიციალურად, ეს არის ორგანო, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ მიმართულებას იბარებს, თუმცა, არაოფიციალურად, დასავლური დაზვერვის სააგენტოებზე დაყრდნობით, ეს არის დაწესებულება, რომელიც ჯაშუშებს ფინანსურ მომსახურებას უწევს. დასავლური სპეცსამსახურების ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან თქვა, რომ თავად მურადოვიც ჯაშუშია. "დიპლომატსა" და ФСБ-ს შორის იკვეთება კავშირი: მისი ბინა მდებარეობს მიჩურინის მოედნის N29/1-ში, სადაც რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები ცხოვრობენ. მისი ერთ-ერთი მეზობელია ალექსეი ალექსანდროვი, ФСБ-ს წევრი, რომელიც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის ოპერაციაში მონაწილეობდა.

2014 წელს, მურადოვის რიგაში ჩასვლიდან 5 წლის შემდეგ, ჟდანოკამ იმოგზაურა ყირიმში, სადაც ის ამბობდა, რომ იყო "საერთაშორისო დამკვირვებელი" ნახევარკუნძულის ანექსიასთან დაკავშირებული უკანონო რეფერენდუმის ფარგლებში. ამ პერიოდში მურადოვიც ყირიმში იმყოფებოდა. ორი წლის შემდეგ, 2016-ში ჟდანოკა სირიაში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკება გამართა დიქტატორ ბაშარ ალ-ასადთან. ამ დროს რუსეთი ასადის რეჟიმს აჯანყებულთა წინააღმდეგ უკვე ეხმარებოდა. რადგან ასადი და მისი რეჟიმის წარმომადგენლები სანქცირებულები იყვნენ, ევროპარლამენტს ჟდანოკას მოგზაურობა არ დაუფინანსებია. 2022 წლის 2 მარტს ჟდანოკა 13 ევროპარლამენტარიდან იყო ერთ-ერთი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დამგმობი რეზოლუციის მიღებას.

ლატვიაში დიდი ხანია, რაც ჟდანოკას რუსეთის აგენტად მიიჩნევენ. მისი აზრით, ბალტიის ქვეყნებში რუსულ დიასპორას ცუდად ეპყრობიან. ის მხარს უჭერდა მიეღოთ ე.წ. "ანტიდისკრიმინაციული" ზომები, რასაც ხშირად იმეორებენ რუსეთის მიერ დაფინანსებული შენიღბული არასამთავრობო "ადამიანის უფლებების", "ანტიფაშისტური" და "ანტინაცისტური" ორგანიზაციები. 

ევროპარლამენტში ჟდანოკას საკუთარი კამპანია ფოკუსირებული ჰქონდა მტკიცებაზე, რომ ლატვიაში რუსული ენა იზღუდება. 2015 წლის მარტში მან მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებული იყო "ლატვია ნაციზმის გარეშეს" მიერ. ეს ორგანიზაცია ბელგიაში დაარსდა. ჟდანოკა მის თანადამფუძნებელთა შორის იყო. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის, ნორმუნდ მეჟვიეცის თქმით, ეს ორგანიზაცია კრემლის მიერ ფინანსდებოდა.

ჟდანოკა უარყოფს, რომ რუსეთისგან დაფინანსებას იღებდა. დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის ოფიცერმა The Insider-თან თქვა, რომ ჟდანოკას მოქმედება მოტივირებულია მისი იდეოლოგიით და "მას ფული არ სჭირდება".

"მას საკმარისი [ფული] აქვს ევროპარლამენტიდან. ის საკუთარი პარტიის აქტივობისთვის საკუთარ ფულს ხარჯავს". – თქვა ანონიმურმა წყარომ.

წერილები

ჟდანოკას პირველი ხელმძღვანელი, 74 წლის დმიტრი გლადეი, ФСБ-ს ვეტერანი თანამშრომელი სანქტ-პეტერბურგიდან ათწლეულების განმავლობაში რუსეთის არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელი იყო. ბოლოს ის უძღვებოდა დემოკრატიის განვითარების მონიტორინგის საერთაშორისო ინსტიტუტს, რომელიც დსთ-ს პარლამენტთაშორისმა ასამბლეამ 2006 წელს შექმნა.

დმიტრი გლადეი

The Insider-ი წერს, რომ უკრაინელი ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, გლადეის აქვს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებებზე და მისი მოგზაურობა კონტროლირებადია, რაც, საგამოძიებო პროექტის მიხედვით, მოწმობს, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურთან კავშირშია.

გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, ის მოგზაურობის დროს ხშირად რჩებოდა ФСБ-ს აგენტებთან, რომლებიც კავშირში იყვნენ სააგენტოს მეხუთე სამსახურთან.

ФСБ-ს მეხუთე სამსახური 1990-იანებში დაარსდა და დანიშნულება 2004 წელს შეეცვალა, მას შემდეგ, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "ფერადი რევოლუციების" ტალღა დაიწყო. ბოლო ხანებში ეს ჯგუფი მონაწილეობდა უკრაინის პოლიტიკურ დესტაბილიზაციასა და პოტენციური მეხუთე კოლონის რეკრუტირებაში. დესტაბილიზაციის ოპერაციის ფარგლებში კიევში მეხუთე სამსახურის წევრები 2014 წელს, მაიდანის გამოსვლების დროს რამდენჯერმე ჩავიდნენ. მათ შორის იყო ჯგუფის ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი ბესედა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს ბესედამ უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდა, რომ დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინათ. 

როგორც The Insider-ი წერს, უკრაინის წინააღმდეგ მეხუთე სამსახურის დესტაბილიზაციის ოპერაცია თითქმის 8 წელი გრძელდებოდა და ომის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია. შედეგად ბესედა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. 2022 წლის მარტში გავრცელდა ვარაუდები, რომ ბესედა გააგდეს, თუმცა, The Insider-ი როგორც წერს, მას მეორე შანსი მისცეს, უკრაინის გარეთ.

The Insider-მა მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ გლადეისა და ჟდანოკას შორის პირველი კომუნიკაცია 2005 წლის 3 ოქტომბერს შედგა. მაშინ ჟდანოკამ გლადეის ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა ორი დოკუმენტი. აქედან ერთ-ერთი იყო ტალინსა და ნარვაში ჩასატარებელი კონფერენციის გამოუქვეყნებელი დღის წესრიგი. ესტონეთში ჩატარებული ამ ღონისძიების სპონსორები ევროპარლამენტის მწვანე-ევროპული თავისუფალი ალიანსი და ევროპული რუსული ალიანსი იყვნენ. მეორე დოკუმენტი კონფერენციის პრესრელისის შავი ვერსია იყო. ღონისძიებაზე, როგორც ჟდანოკა წერდა, უნდა განხილულიყო "რუსი პოლიტიკოსების მუნიციპალურ მთავრობებში მონაწილეობის გამოცდილება და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამოცდილება". ჟდანოკა უსვამდა ხაზს, რომ ევროკავშირში ცხოვრობდა 6 მილიონი ადამიანი, ვისთვისაც რუსული მშობლიური ენაა.

ევროპულ რუსულ ალიანსზე ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ 2005 წლის ანგარიშში წერდა, რომ ეს არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ФСБ-ს ერთ-ერთი ფრონტი იყო და მისი დაფინანსებას სანქტ-პეტერბურგიდან იღებდა.

"განსაკუთრებული ნაწილი იყო ის, რომ ФСБ-მ შეძლო, რომ მათი ოპერაციები დაფინანსებულიყო ევროპელი გადასახადების გადამხდელების მიერ. ევროპარლამენტარებს, როგორიც იყო ჟდანოკა, აფინანსებდნენ მათი საპარლამენტო ფრაქციები, ამ შემთხვევაში მწვანეები/ევროპულ რუსული ალიანსი". – თქვა The Insider-თან ანონიმურმა წყარომ დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურიდან.

რაც შეეხება ჟდანოკასა და გლადეის კავშირს, ამაზე ლატვიელმა ევროპარლამენტარმა The Insider-თან თქვა: "დმიტრისა და მის ცოლს რამდენჯერმე შევხვდი ლენინგრადში (რედ. სანქტ-პეტერბურგის სახელი 1924-1991 წლებში), სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ისინი რიგაშიც ჩამოვიდნენ რამდენჯერმე. შემდეგ, როდესაც მათმა ქალიშვილმა ლარვიელ ბიჭზე იქორწია, რიგაში მისი ნათესავების მოსანახულებლად რეგულარულად ჩამოდიოდნენ. ბიჭი თავის ცოლთან, სანქტ-პეტერბურგში საცხოვრებლად გადავიდა და იქ წარმატებული ბიზნესი დაიწყო, გახსნა ლატვიური სამზარეულოს რესტორანი". მან ასევე აღნიშნა, რომ, როგორც ევროპარლამენტის წევრი, დაესწრო რამდენიმე კონფერენციას, რომელიც გლადეის დსთ-ს პარლამენტთაშორისმა ასამბლეამ გამართა.

როგორც The Insider-ი აღნიშნავს, ჟდანოკას განმარტება, თუ საიდან იცნობს ის გლადეის, არ ხსნის, რატომ გაუგზავნა მას ზემოხსენებული ღონისძიების დოკუმენტები, რომლებზეც ეწერა, რომ ანგარიშები იყო და რატომ ათანხმებდა პოლიტიკურ აქტივობებს რუსეთთან. ამას გარდა, ლატვიელი პოლიტიკოსი გლადეის ევროპაში რეგულარულად ხვდებოდა. ჟდანოკას The Insider-თან ამ შეხვედრებზე არაფერი აღუნიშნია.

გლადეი 2006 წლის 3 ოქტომბერს ჟდანოკას წერდა: "MIDI-ზე ოთხშაბათს 12:40-ზე ვიქნები, დავბრუნდები 17:30-ზე". MIDI-ში იგულისხმება ბრიუსელის სამხრეთის მატარებლის სადგური, რომელიც აეროპორტს უკავშირდება. ჟდანოკა პასუხობდა: "ძალიან კარგი, MIDI-ზე მოვალ. პლატფორმაზე, მატარებელთან შევხვდეთ. თუ ერთმანეთს ავცდით, მაშინ სადგურის შესასვლელთან".

2007 წლის აგვისტოს დასაწყისში, ჯაშუში და მისი ხელმძღვანელი შეხვედრის ადგილის პოვნას ცდილობდნენ. გლადეი ყაზახეთსა და ბელარუსში მოგზაურობდა, სადაც არჩევნებს აკვირდებოდა, ჟდანოკა კი ჩინეთში მიდიოდა. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებოდნენ მოსკოვში, სადაც ჟდანოკა აზიაში მგზავრობიდან დაბრუნებისას გზაში ჩერდებოდა. ელექტრონული მიმოწერიდან ჩანს, რომ შეხვედრა 2007 წლის 1-ელ სექტემბერს შედგა. გლადეისთან პირისპირ საუბრის შემდეგ ჟდანოკა მოსკოვიდან რიგაში მატარებლით წავიდა, შემდეგ სტრასბურგში.

The Insider-ი ხაზს უსვამს, რომ როგორც წესი ჟდანოკი და გლადეი ცდილობდნენ, რომ კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი პირისპირ შეხვედრებისთვის გადაენახათ, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ იყო და ზოგჯერ ლატიველი პოლიტიკოსი დეტალურად საუბრობდა გარკვეულ საკითხებზე, ან რუს ჯაშუშს დახმარებას სთხოვდა. მაგალითად, 2007 წლის 8 სექტემბერს, მოსკოვში შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ჟდანოკა გლადეის წერდა დიდ წერილს, რომელსაც სათაურად ეწერა "Отчет" - ანუ ანგარიშის. ის იხდიდა ბოდიშს, რომ ვერ შეძლო სტრასბურგიდან "დაპირებული ინფორმაციის" გაგზავნა და საუბრობდა იმ დავალებებზე, რაც ივნისის შემდეგ შეასრულა.

2007 წლის 26 ივნისს ჟდანოკამ ევროპარლამენტში გამართა მოსმენა ტალინში გამართულ ძალადობრივ საპროტესტო აქციებზე ესტონეთის პასუხთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა დროინდელი მემორიალის აღების გარშემო დაწყებულ დაძანულობას, რასაც ესტონეთზე კიბერთავდასხმების სერიაც დაემთხვა. როგორც მომავალში დაადგინეს, ეს თავდასხმები რუსეთიდან განახორციელეს. ჟდანოკას გლადეის წერდა, რომ მოსმენა გააშუქეს რუსეთში, ესტონეთსა და ლატვიაში, ნაწილობრივ მისი თანაშემწის, ივან ენგაშევის დახამრებით, ვინც ლატვიაში რუსულენოვან გაზეთებში ამ ამბავთან დაკავშირებით წერდა.

ამას გარდა, გაგზავნილ წერილში ჟდანოკა საუბრობდა ლატვიური და ესტონური "ანტიფაშისტების" პრორუსული ორგანიზაციების სამდღიანი საწვრთნელი ბანაის გახსნაზე. ორგანიზაციათა შორის იყო ესტონეთში დაფუძნებული "ღამის გუშაგთა" მოძრაობა, რომელიც ზემოხსენებული მონუმენტის დემონტაჟის დროს შეიქმნა. როგორც ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის ბიუროს მეთაურმა, ჰარის პუუსეპმა The Insider-ს უთხრა, ესტონეთში ჟდანოკას აქტივობები კრემლთან შეთანხმებული ოპერაციები იყო, რაზეც ჯერ კიდევ 20 წლის წინ საუბრობდნენ.

გლადეისთვის გაგზავნილ წერილში ჟდანოკა ხაზს უსვამდა რადიოგადაცემის, "რუსული სკოლის საათის" პროექტის წამოწყებასაც. გადაცემაში რუსებს აფრთხილებდნენ "რუსული ოჯახებიდან ბავშვების ლატვიურ სკოლებში გაგზავნის შესაძლო პრობლემებზე". ამას გარდა, წერილში ქალი ხაზს უსვამდა, რომ ევროპარლამენტში აპირებდა ჩაეტარებინა გამოფენა - ლატვიის რუსები, რათა წაეხალისებინა არაისტორიული იდეა, თითქოს ეთნიკური რუსები ლატვიის ნამდვილი ადგილობრივი მკვიდრები იყვნენ.

2010 წლის 9 აპრილს ჟდანოკამ გლადეის გაუგზავნა გეგმის შავი ვერსია, რომელშიც საუბარი იყო ლატვიაში გამარჯვების დღის აღნიშვნის გეგმებზე. ჟდანოკა ითხოვდა დამატებით 6 000 დოლარს. ეს თანხა უნდა განაწილებულიყო სხვადასხვა დანიშნულებით. მათ შორის, უნდა შეეძინათ წმინდა გიორგის ლენტები (გეორგიევსკის ლენტები), რომლებიც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი სიმბოლოა და რუსეთი საკუთარ პროპაგანდაში აქტიურად იყენებდა. ასევე, უნდა გადაეღოთ დოკუმენტური ფილმი ლატვიელი ვეტერანების ავსტრიასა და ბელგიაში მოგზაურობაზე, რათა მონაწილეობა მიეღოთ ვენის მესამე რაიხისგან გათავისუფლების 65-ე წლისთავის აღნიშვნაში.

მეორე ხელმძღვანელი

გლადეიმ ჟდანოკასთან თანამშრომლობა, სულ მცირე, 8 წლის განმავლობაში გააგრძელა, თუმცა 2013 წლიდან კომუნიკაციის პროტოკოლი შეცვალეს. 2013 წლის 12 სექტემბერს გლადეიმ ჟდანოკას ბოლო ანგარიში გადაგზავნა მისამართზე - [email protected]ზე. ამას გარდა, გლადეიმ ევროპარლამენტარს ვირტუალურად გააცნო ადამიანი, სახელად სერგეი კრასინი, ვინც ზემოხსენებული მეილის მსგავს მისამართს იყენებდა - [email protected]. ეს კოდური სახელი იყო. ჟდანოკა კრასინს პირველად პირდაპირ 2013 წლის 12 დეკემბერს დაუკავშირდა და ყველა წინა ანგარიში გადაუგზავნა.

სერგეი ბელტიუკოვი, იგივე "სერგეი კრასინი"

The Insider-მა შეძლო დაედგინა, ვინ იყო "კრასინი" რეალურად. ეს მათ შეძლეს გაჟონილი პაროლის დახმარებით, რასაც მეილი [email protected]ს მფლობელი იყენებდა. ამ პაროლს იყენებდნენ მობილურიდან იმ ანგარიშზე შესასვლელად, რომელიც ეკუთვნოდა ადამიანს, სახელად სერგეი ბელტიუკოვს, ФСБ-ს აქტიურ ოფიცერს. The Insider-მა ასევე შეძლო იდენტიფიცირება იმ იმეილების, რომლებიც ასევე ბელტიუკოვს ეკუთვნოდა. ყველა მეილი ერთსა და იმავე ასოებზე - ser-ზე იწყებოდა და ყველას ერთი პაროლი ჰქონდა, შესაბამისად, გამომძიებელთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ "სერგეი კრასინი" სინამდვილეში სერგეი ბელტიუკოვი იყო.

ბელტიუკოვი დაბადებულია 1970 წელს, განათლება მიიღო სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ უნივერსიტეტში, რომელიც 1993 წელს დაასრულა. The Insider-ის მიერ მოპოვებულ დასაქმების ანგარიშებში ჩანს, რომ ის სანქტ-პეტერბურგში ФСБ-ს თანამშრომელი სწორედ 1993 წლიდან იყო. გაჟონილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამავე წელს ბელტიუკოვმა მიიღო წვდომა გარკვეულ გასაიდუმლოებულ ცნობებზე. მსგავსი უფლების პირებს ФСБ-ს დასტურის გარეშე საზღვარგარეთ მგზავრობა ეკრძალებათ.

გლადეი და ბელტიუკოვი არ არიან ФСБ-ს ერთადერთი აგენტები, რომლებთანაც ჟდანოკა თანამშრომლობდა. 2022 წლის სექტემბერში ესტონეთის სასამართლოს ვერდიქტზე თქვეს, რომ ФСБ-ს ოფიცერი არტიომ კურეევი ხელმძღვანელობდა ასევე რუსს, სერგეი სერედენკოს, თვითგამოცხადებულ "ესტონეთის ომბუდსმენს". კურეევი 7 ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი იყო და ბრალად ედებოდა სერედენკოსთვის დავალებების მიცემა. ეს უკანასკნელი, ჟდანოკას მსგავსად ცხადად არეკლამებდა ნარატივს, თითქოს ბალტიის ქვეყნებში რუსებსა და რუსულენოვან ხალხს ავიწროებდნენ. ესტონეთის სასამართლოს დასკვნის მიხედვით, ჟდანოკამ მოსკოვში მდებარე ბელგიის საელჩოში შეიტანა განაცხადი, რომ კურეევის ევროპარლამენტში ვიზიტისთვის აეღო შენგენის ვიზა. მისი ვიზიტი 2014 წლის 2-8 აპრილს უნდა შემდგარიყო, ყირიმის უკანონო ანექსიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

ჟდანოკამ The Insider-თან ამ საკითხზეც ისაუბრა და ირწმუნებოდა: "[კურეევი] დაპატიჟებული იყო ბევრიდან ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელიც ევროპარლამენტში ჩემი ორგანიზებული იყო, ჩემი პოლიტიკური ჯგუფის (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მხარდაჭერით, კერძოდ, ევროკავშირის ფორუმი რუსულენოვანი ახალგაზრდებისთვის. მას ჩემმა თანაშემწემ, რომელიც მასთან სწავლობდა, რეკომენდაცია გაუწია როგორც სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ლექტორს".

The Insider-ი აღნიშნავს, რომ ლატვიის პარლამენტმა პროკრემლისტური პირებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილება 2022 წლის 22 ივნისს დიდწილად ჟდანოკას გამო მიიღო. ამ გადაწყვეტილების შედეგად, წელს ევროპარლამენტის არჩევნებში ლატვიელი პარლამენტარი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

რიგაში ჟდანოკასთვის თანამდებობაზე წვდომის შეზღუდვა წარსულშიც უცდიათ. 2002 წელს ლატვიის მთავრობამ მას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მიზეზად ასახელებდნენ ფაქტს, რომ ქალი კომუნისტურ პარტიაში რჩებოდა 1991 წლის 13 იანვრის შემდეგაც. ამ დღეს ეს პარტია გადატრიალებას გეგმავდა. ამავე მიზეზით, ჟდანოკას უარი ეთქვა რიგის მუნიციპალურ მთავრობაში დანიშვნაზეც. თუმცა, შემდეგში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რიგას ჟდანოკასთვის 20 000 ევროს გადახდა დააკისრა, რაც შემდეგ ლატვიამ გააპროტესტა  და თავდაპირველი გადაწყვეტილება შეიცვალა. 

The Insider-მა მოიპოვა კიდევ ერთი წერილი, რომელიც ჟდანოკამ ბელტიუკოვს 2017 წლის 14 იანვარს გაუგზავნა. ჟდანოკა ჯაშუშს წერდა, რომ ლატვიიდან დელეგაცია სანქტ-პეტერბურგში ღონისძიებაზე ჩასვლას გეგმავდა. 27 იანვარს ტარდებოდა ლენინგრადის ალყის დასრულების 74-ე წლისთავი, სადაც ჟდანოკას სურდა, რომ ლატვიაც წარმოდგენილი ყოფილიყო. წერილში ევროპარლამენტარს სურდა, რომ უცხოელთა დელეგაციას 8 ლატვიელი შეერთებოდა. ამას გარდა, ამავე წერილში ის წერდა, რომ დავალებული ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების "ზედამხედველობა", რაშიც მათი სხვადასხვა მიზნებით გამოყენება იგულისხმებოდა.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა დენ ჰოფმანმა The Insider-თან საუბარში აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ჟდანოკა ეძებდა მათ, ვინც ФСБ-ს ინტერესებს შეასრულებდა და მას ეს ყველაფერი ევალებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ არადაშიფრული კომუნიკაცია მიუთითებდა, რომ მეხუთე სამსახურს არ ანაღვლებდა ეს ამბავი გაცხადდებოდა თუ არა, რადგან მათი მუშაობა ისედაც იმ ხალხის მოსაზიდად იყო განკუთვნილი, ვისაც რუსეთისადმი ისედაც დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა. როგორც ჰოფმანმა აღნიშნა: "ახლა იტყვიან, რომ ის ლატვიური მთავრობის ანტიდემოკრატიულობის მსხვერპლია".

რა ელის ჟდანოკას მომავალში უცნობია. მას ევროპარლამენტარის სტატუსი მომდევნო 5 თვის განმავლობაში ექნება და სასჯელზე საპარლამენტო იმუნიტეტი გააჩნია, მათ შორის ლატვიაშიც. ასევე ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა რიგა გახსნას გამოძიება ჟდანოკას საქმიანობასთან დაკავშირებით The Insider-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ. 

კომენტარები