საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გარკვეულწილად, კონსტიტუციური დარღვევის რეციდივისტად იქცა".
აქამდე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ხოლო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
პაპუაშვილის მტკიცებით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება "გარიგების" ნაწილი იყო, რის საფუძველზეც ზურაბიშვილმა "დაუსჯელობის გარანტია მიიღო" ოპოზიციისგან.
"თქვენ გახსოვთ, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც იმპიჩმენტი არ შედგა არის ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და მთლიანად, რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა ამ კონსტიტუციის დარღვევას და ვნახეთ, რისთვისაც.
ვნახეთ, რომ შემდეგ ქალბატონმა სალომემ შეიწყალა ნიკა გვარამია - ეს იყო გარიგების ნაწილი და ვხედავთ ახლა როგორ იქცევა ის ამ პროცესში.
ეს არის იმ გარიგების ნაწილი, რომლის საფუძვლადაც მას მიეცა დაუსჯელობის გარანტია რადიკალური ოპოზიციისგან, რომელსაც შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და პრალამენტამდე როცა მოვა (ვინაიდან, დღეს ქართულ ოცნებას არ აქვს 100 მანდატი), მას ექნება აბსოლუტური ინდულგენცია კონსტიტუციური დარღვევისთვის.
ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, რომელსაც სჩადის ქალბატონი სალომე - ის უკვე, გარკვეულ წილად რეციდივისტად იქცა კონსტიტუციის დარღვევის.
ერთი, ეს გახლავთ ვიზიტები, რომელსაც ის არ იშლის, როგორც ვნახეთ.
მეორე, ის კვლავ არ ნიშნავს ელჩებს, რაც ასევე გახლავთ კონსტიტუციის დარღვევა და მესამე, ვხედავთ ჩვენ ბოლო პერიოდში მის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე არის კონსტიტუციის დარღვევა.
პრინციპში, მეოთხე დარღვევაც არის, როცა ის საუბრობს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატი მან უნდა დაასახელოს". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.





