რუსული რეჟიმი

საპატრიარქო ანტი-ლგბტ კანონზე: დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო, ქართული ოცნების მიერ, საქართველოს პარლამენტში მიღებულ ანტი-ლგბტ კანონპროექტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. 

საპატრიარქო ირწმუნება, რომ LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ საზოგადოებაში "მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება და დაძაბულობის ინსტრუმენტად იქცა"

გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს "ხანგრძლივი და აქტიური ძალისხმევა დასჭირდა სასკოლო სახელმძღვანელოებში LGBTQI პროპაგანდის შემცველი პასაჟების სასწავლო რესურსიდან" ამოსაღებლად.

"საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ჩვენს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს.

რამდენიმე წლის წინ სასკოლო საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოებმა საქართველოს საპატრიარქოს მწვავე და სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამ სახელმძღვანელოების ზოგიერთი თემა ღიად უსვამდა ხაზს ოჯახური ღირებულებების დაკნინებას. ხანგრძლივი და აქტიური ძალისხმევა დასჭირდა LGBTQI პროპაგანდის შემცველი პასაჟების სასწავლო რესურსიდან ამოღებას, რადგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ამასთანავე, LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული.

ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ვიმედოვნებთ, ეს კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად". - წერია განცხადებაში.

კომენტარები