რუსული ოკუპაცია

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას უწყება Facebook გვერდზე ავრცელებს

რამაზ ბეღელური ოკუპანტებმა 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელს გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

უწყების თქმით, ამ დროისთვის ბეღელური საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად". - წერია უწყების განცხადებაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ასევე გათავისუფლდნენ ოკუპანტების მიერ, 2023 წლის 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძეც

კომენტარები