გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის სექტემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 96 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების თქმით, დაფიქსირებული 96 ფაქტიდან, 75 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 21 სახერხი საამქროების მიერ, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას და საამქროების უკანონოდ წარმოებას.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წერს, სექტემბრის თვეში უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი, 26 ფაქტი გამოვლინდა აჭარაში, ხოლო იმერეთში, დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა.
"უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი, 26 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში, იმერეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში 18, ქვემო ქართლში 10, კახეთში 9, შიდა ქართლში 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 4, სამეგრელო-ზემო სვანეთში 3, მცხეთა-მთიანეთში 1, გურიაში - 1.
ჯამში ამოღებულია 126 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე" - წერია უწყების განცხადებაში.
სექტემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო სარგებლობის დაფიქსირებული 96 ფაქტიდან, 4 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.





