ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. 1-ელ ოქტომბერს სკოლის ავტობუსი, რომელზეც 38 ბავშვი და 6 მასწავლებელი იმყოფებოდა, მაგისტრალზე ავარიაში მოყვა და ცეცხლი გაუჩნდა.
ტაილანდის სამართალდამცავი უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მძიმე დამწვრობების გამო, ცხედრების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შესაბამისად, უცნობია, თუ რამდენია დაღუპულთაგან ზრდასრული და რამდენი - ბავშვი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტაილანდში, რომელსაც ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ მსოფლიოში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს (წელიწადში, საშუალოდ, დაღუპვის 20,000 შემთხვევა), ბოლო ათწლეულში ეს ქვეყნის ყველაზე მომაკვდინებელი ავტოსაგზაო შემთხვევაა.
როგორც ტაილანდის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, 16-მა ბავშვმა და 3-მა მასწავლებელმა ავტობუსიდან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა ტრანსპორტში კიდევ 22 მოსწავლე და 3 მასწავლებელი იმყოფებოდა.
ადგილობრივი ტელევიზიის რეპორტაჟში აჩვენეს შემთხვევის ამსახველი მასალა, რომელშიც აღნიშნულ ავტობუსს საბურავი უსკდება და მაგისტრალზე არსებულ საგზაო ზღუდარს ეჯახება.
მედიაში გავრცელებული ფოტოსურათებზე ჩანს, რომ ავტობუსი სრულად დამწვარია. ადგილობრივი გამოცემებზე დაყრდნობით, გამომძიებლები მასზე სიმხურვალის გამო ვერ ადიან.
სკოლის ავტობუსი ერთ-ერთი იყო იმ სამიდან, რომელიც ტაილანდის ჩრდილოეთ პროვინციაში ექსკურსიიდან, ბანგკოკში ბრუნდებოდა.





