უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა თავის უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს დღეს, 30 სექტემბერს, ბუდაპეშტში პირისპირ შეხვდა. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციაების მონაწილეობით გრძელდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთისა და უკრაინის მინისტრებს შორის პირისპირი მოლაპარაკებები 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შეხვედრის დაწყებამდე სიიარტომ გაიმეორა უნგრეთის პოზიცია, რომ უკრაინაში მყისიერი მშვიდობა უნდა დამყარდეს და დაამატა, რომ უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობებიც სურთ.
"უნგრეთი გლობალურ უმრავლესობას განეკუთვნება, რომელიც უკრაინაში მყისიერი მშვიდობისკენ მოუწოდებს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ეს არაერთხელ დავადასტურეთ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები გვსურს, თუმცა უნგრული გამოთქმა, რომ ბაზარი ორ ფეხზე დგას, მართალია. ვნახოთ, დღეს რამდენად შორს წავიწევთ... ოთხნახევარი წლის შემდეგ, ბუდაპეშტში უკრაინის საგარეო მინისტრს საბოლოოდ კვლავ შეგვიძლია მივესალმოთ". - დაწერა სიიარტომ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბრის სავარაუდო თემები ეწერა.
"საუბრის საკვანძო თემები იქნება კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება, ერთობლივი პროექტების რეალიზება, კერძოდ ეკონომიკის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის, ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის სფეროებში, ასევე EU-სა და NATO-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესის წინ წაწევა და მშვიდობის ფორმულა, როგორც რუსული აგრესიის სამართლიანი დასრულების გზა. - ეწერა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, სიბიჰა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.