აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი დღეს, 27 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
ტრამპმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შეხვედრა Trump Tower-ში ადგილობრივი დროით 09:45 საათზე გაიმართება.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩემთან შეხვედრა ითხოვა და ხვალ დილით მას შევხვდები". - თქვა ტრამპმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ, 26 სექტემბერს, ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს თეთრ სახლში "გამარჯვების გეგმის" განსახილველად შეხვდა, რომლის მიზანიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ქვეყნის გაძლიერება და "გაყინული კონფლიქტის" თავიდან არიდებაა.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა.
26 სექტემბერს, აშშ-ის რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა ოკუპანტებთან შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის გამო და თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომს მალე დაასრულებს.
ზელენსკიმ კი New York Times-ისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპმა "დიდად არ იცის, როგორ უნდა დაასრულოს ომი".





