გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 26 სექტემბერს ლიტვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები მზადაა, ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების მხრივ, მთავარი დასაყრდენი გახდეს.
"რუსეთისთვის უკრაინა მხოლოდ დასაწყისია". - მიმართა პისტორიუსმა ლიტველ პარლამენტარებს: "რუსეთი ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენი ერთობისთვის, ევროკავშირისა და NATO-სთვის მიწის გამოთხრას ცდილობს. პუტინის ნამდვილი მტერი ჩვენი თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ცხოვრების გზაა".
მან ასევე დაადასტურა, რომ გერმანია 2027 წლისთვის ლიტვაში სამხედრო ბრიგადის (NATO-ს სტანდარტით 5 000 ჯარისკაცის) განთავსებას გეგმავს, თუმცა სამხედროების გაგზავნა წელსვე დაიწყება.
"გვესმის ჩვენი, როგორც ევროპის ლოჯისტიკური ჰაბის, პასუხისმგებლობა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჯარისკაცებმა, საჭიროების შემთხვევაში, ატლანტიკიდან აღმოსავლეთ ფლანგზე გადაადგილება სწრაფად შეძლონ". - განაცხადა პისტორიუსმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა NATO-ს შეიარაღებულ ძალებში გერმანიის კონტრიბუციას, რაც მისი თქმით, "2025 წლისთვის 35 000-ზე მეტი გერმანელი ჯარისკაცის, 200 სამხედრო თვითმფრინავის, ორი საესკადრო ნაღმოსნისა და დამატებითი ძალების [სამხედრო] მოქმედებებისთვის მზადყოფნაში მოყვანას" მოიცავს.