უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო. ზელენსკი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის "ომში გამარჯვების გეგმას" წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს.
ამასთან ერთად, ზელენსკი სიტყვით წარსდგება გაეროს ყოველწლიურ ასამბლეაზე.
"ამ შემოდგომაზე ომის მომავალი გადაწყდება. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი პოზოციები იმდენად, რამდენადაც გამარჯვებისთვის არის საჭირო – საერთო გამარჯვება ჭეშმარიტად სამართლიანი მშვიდობისთვის" – წერს ზელენსკიმ X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ვიზიტი პენსილვანიის შტატში, ჯო ბაიდენის მშობლიურ ქალაქ სკრენტონში დაიწყო, სადაც ის სამხედრო საბრძოლო მასალის ქარხანას ეწვია და მადლობა გადაუხადა დაწესებულების თანამშრომლებს უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო მასალის დამზადებისთვის.
25 სექტემბერს ზელენსკი ნიუ იორკში გაემგზავრება, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, ასევე შეხვდება ლიდერებს გლობალური სამხრეთიდან, დიდი შვიდეულიდან, ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს ვაშინგტონში შეხვდება.
ზელენსკიმ ასევე დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, როდის შედგება შეხვედრა ამ დროისთვის უცნობია.





