ევროკომისიის ლიდერის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფს. თანხა უკრაინას ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან გადაეცემა.
"რუსეთის უწყვეტი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას G7-ის ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს. ეს არის ევროკავშირის მხრიდან უკრაინის აღსადგენად შეტანილი კიდევ ერთი დიდი წვლილი". - წერს ფონ დერ ლაიენი თავის X-ზე.
ევროკომისიის ხელმძღვანელი უკრაინის დედაქალაქში 20 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა.
"ახლა დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია ძალიან სწრაფად გადავცეთ ეს სესხი უკრაინას. სესხი, რომელსაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება ასაზრდოებს". - თქვა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს თანხები მოხმარდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას, რომლის საჭიროებებიც რუსული აგრესიის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა.
G7 ქვეყნები - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთის 2022 წლის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ დღემდე უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და სამხედრო მხარდამჭერები არიან, ამ სახელმწიფოებისა და ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების ჯამური მოცულობა 325 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ოფიციალურად მიიღეს გეგმა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის სამხედრო და სხვა ტიპის დახმარებას მოხმარდება. აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის მთავრობამ მიმდინარე წლის 21 მაისს გაავრცელა.
შეთანხმების ფარგლებში, მოგებიდან შემოსული თანხის 90% ევროკავშირის მართვის ქვეშ არსებულ ფონდში წავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის არის განსაზღვრული, ხოლო დანარჩენი 10% უკრაინისთვის სხვა ტიპის დახმარებას მოხმარდება.





