ისრაელი-ჰეზბოლა

ისრაელმა ჰეზბოლას 100-ზე მეტ სარაკეტო გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანა

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავი
Reuters

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 19 სექტემბრის ღამით ისრაელის ავიაციამ სამხრეთ ლიბანზე მასიური იერიში მიიტანა და ჰეზბოლას 100-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა. ამას გარდა, ისრაელის იერიშის შედეგად ტერორისტების სხვა სტრატეგიული და იარაღის შესანახი ადგილებიც განადგურდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰეზბოლას სარაკეტო ობიექტებიდან ისრაელის მიმართულების 1000-მდე რაკეტის გაშვება იგეგმებოდა.

ისრაელის საჰაერო დარტყმები ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ამ კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა ხუთშაბათს საღამოს ქვეყნის სამხრეთით 52 სარაკეტო იერიში მიიტანა. ამასთან ერთად, ჰეზბოლას თქმით, მათ ასევე დაიწყეს ისრაელის ჩრდილოეთით სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, გასულ დღეებში ლიბანში პეიჯერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების აფეთქებების ფონზე, პენტაგონში მნიშვნელოვნად გაიზარდა წუხილი სამხრეთ ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სახმელეთო ომის დაწყების შესაძლებლობის შესახებ.

როგორც გამოცემა წერს, ლიბანში მომხდარი აფეთქებების სერიამდე ერთი დღით ადრე აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონის სხვა მაღალჩინოსნებს გაუზიარა შიში იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ისრაელს შეტევა უახლოეს მომავალში დაეწყო.

კომენტარები