The Wall Street Journal-ის ცნობით, გასულ დღეებში ლიბანში პეიჯერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების აფეთქებების ფონზე, პენტაგონში მნიშვნელოვნად გაიზარდა წუხილი სამხრეთ ლიბანში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სახმელეთო ომის დაწყების შესაძლებლობის შესახებ.
როგორც გამოცემა წერს, ლიბანში მომხდარი აფეთქებების სერიამდე ერთი დღით ადრე აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონის სხვა მაღალჩინოსნებს გაუზიარა შიში იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ისრაელს შეტევა უახლოეს მომავალში დაეწყო.
ამასთან, WSJ აღნიშნავს, რომ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათ ამ ეტაპზე არ შეუნიშნავთ გარდაუვალი შეჭრის ინდიკატორები, მაგალითად რეზერვისტების გამოძახება ან სხვა. აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლის თქმით იმ შემთხვევაშიც კი თუ ისრაელი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მასშტაბური ტიპის ოპერაციის მომზადებას კვირები დასჭირდება, თუმცა, "უფრო მცირე ტიპის ოპერაციის დაწყება, უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი, მასშტაბური სამხედრო ნაბიჯების გარეშე".
ოთხშაბათს, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ჰეზბოლასთან ბრძოლის ახალ ეტაპს დაიწყებენ, თუ ტერორისტული დაჯგუფება სამხრეთ ლიბანიდან საკუთარ ძალებს არ გაიყვანს და არ შეწყვეტს საზღვრისპირა სარაკეტო თავდასხმებს.
პარალელურად, ტერორისტული დაჯგუფების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ჰაშიმ საფი ალ-დინმა საჯაროდ დაიმუქრა, რომ შურისძიება "სისხლიანი" და "საუცხოო" იქნება.
სამშაბათს ჰეზბოლას წევრების პეიჯერების აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 2 800-ზე მეტი კი დაშავდა. ოთხშაბათს კი პორტატული რაციების აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაშავდა.
ისრაელს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.





