თურქეთში პროპალესტინელი აქტივისტები აზერბაიჯანის მიერ ისრაელისთვის ნავთობის მიყიდვას აპროტესტებენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ფუნქციონირებაში თურქეთმა მონაწილეობა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
მილსადენით აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ნავთობი საქართველოს გავლით თურქეთის ჯეიჰანის პორტამდე გადის, საიდანაც ის ისრაელში, ჰაიფაში იგზავნება.
Oil Change International-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე აზერბაიჯანმა ისრაელს თავისი ნედლი ნავთობის 40% მიაწოდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სტამბოლის ქუჩებში გამოსული პროპალესტინელი აქტივისტები თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ისრაელის სასარგებლოდ მოქმედებაში სდებდნენ ბრალს და "გენოციდში თანამონაწილეობის" დასრულებისკენ მოუწოდებდნენ.
აქციებს ძირითადად პროპალესტინური ჯგუფი, 1 000 ახალგაზრდა პალესტინისთვის მართავს.
24 აგვისტოს ჯგუფის აქტივისტებმა ურქეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის TRT News-ის თოქ-შოუს მიმდინარეობისას აუდიტორიაში გაშალეს ანტისამთავრობო ბანერი წარწერით "შეწყვიტოს ერდოღანმა ნავთობის მიწოდება სიონისტებისთვის! დაასრულეთ გენოციდში თანამონაწილეობა!".
ეთერიდან სამ დღეში ჯგუფის ორი პალესტინელი აქტივისტი დააკავეს და დეპორტაციის ცენტრებში გააგზავნეს. მათთან ერთად დააკავეს ჯგუფის 2 თურქი აქტივისტიც. მათ პრეზიდენტის შეურაცხყოფა ედებათ ბრალად.
პროპალესტინელი აქტივისტების თქმით, გაჩერებას არ აპირებენ და სურთ, გაჭრან "ყველა ძარღვი, რომელიც თურქეთიდან სიონისტ ოკუპანტებს კვებავს".





