აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კურტ კემპბელის თქმით, გამოწვევები, რომელიც ჩინეთის მხრიდან მომდინარეობს აღემატება იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც აშშ ცივი ომის პერიოდში იდგა. მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისადმი პეკინის მხარდაჭერა ჩინეთის ლიდერების პირდაპირი გადაწყვეტილებაა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენის დროს კემპბელმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჩინეთის მხრივ ორპარტიული ყურადღების გამახვილება, ამერიკის საზღვაო გემთმშენებლობის აჩქარება და ქვეყნის თავდაცვითი წარმოების შესაძლებლობების გაძლიერება სჭირდება.
"მოკლედ, ცივი ომი ფერმკრთალია იმ მრავალმხრივ გამოწვევებთან შედარებით, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს. ეს მხოლოდ სამხედრო გამოწვევები არაა. ეს სხვა სფეროებსაც ეხება. ეს გლობალურ სამხრეთშიცაა. ეს ტექნოლოგიის სფეროშიც ასეა". - განაცხადა მან.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში რიგით მე-2 დიპლომატის თქმით, აშშ-სთვის სამხედრო-საზღვაო ხომალდების წარმოების აჩქარება მომდევნო ათწლეულის მანძილზე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.
ამ თვეში კემპბელი NATO-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდა, რათა მოკავშირეებისთვის გაეზიარებინა, თუ როგორ "ხელშესახებ დახმარებას" უწევს ჩინეთი რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას. მისი თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, რუსეთი ჩინეთს წყალქვეშა ნავებისა და სარაკეტო ტექნოლოგიებით ეხმარება.
"ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ეს [გადაწყვეტილებები ძალაუფლების] მწვერვალიდან მოდის". - განაცხადა კემპბელმა, რაშიც მან ჩინეთის ლიდერების რუსეთისადმი მხარდაჭერა იგულისხმა. მან ასევე დაამატა, რომ უკრაინასთან ომში ჩინეთი რუსებს დრონების მხრივაც ეხმარება.