ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულებაში ქართულ ბანკებს შეფერხება არ შეექმნებათ.
"მე ვიცი, რომ საქართველოს ბანკები უზრუნველყოფენ შესაბამისი სანქციების აღსრულებას. ეს განცხადება საბანკო ასოციაციამ გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა ბანკი უზრუნველყოფს სანქციების აღსრულებას. ეროვნული ბანკის განცხადების იურიდიულ საფუძვლებზე მე ნუ მკითხავთ.
[...] მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკები არ გადაუხვევენ იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისოდ აქვთ აღებული. ამავდროულად ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს კანონმდებლობის დაცვა. საქართველოს ბანკებს სანქციების აღსრულებაში შეფერხება არ შეექმნებათ" - ამბობს კაკაურიძე.
ეროვნული ბანკი ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნათია თურნავას ბრძანების თანახმად, "საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი". ამასთან ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად".
16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.
განცხადების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა სანქციები საქართველოს ხელისუფლების ორ თანამდებობის პირს, - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად "ხარება" ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურსდაუწესა, "რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში".
ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო, სანქციები ასევე დაუწესდა ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ქართველ ლიდერს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 2023 წლის 19 სექტემბერს შეიტანა. საგამონაკლისო წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ცვლილება აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ მიიღეს.
მეორე დღეს კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში დარჩებიან. ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ თქვა, რომ "ქართულ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს," რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. თუმცა, მისი მტკიცებით, საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით სებ-ს ქართულ ბანკებთან "სრული სინერგია" ექნება.
მოგვიანებით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ კომერციული ბანკები სწორად მოიქცნენ, როცა თქვეს, რომ ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების.
"იმის გამო, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, რომ მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ისინი ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების. შეგახსენებთ, რომ როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია, იმით დავიწყე, რომ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული, ჩვენ ასევე ვიცით და პატივს ვცემთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც თითოეულ ბანკს გააჩნია თავის საერთაშორისო პარტნიორებთან. - თქვა ნათია თურნავამ.





