აშშ-ს სანქციები

რუხაძე: აშშ ვერ დამასანქცირებს, მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს

რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს, მე თვითონ, არ მგონია, რომ სანქციები მემუქრება, მართალი რომ გითხრათ, მაგრამ საერთოდ, ამ სიტუაციაში რომ ვართ და ამ ფორმაში, ეგ ძალიან არ მახარებს...

მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს, უზარმაზარი ბიზნესი მაქვს უკრაინაში აწყობილი და ვგიჟდები უკრაინაში სიარულზე, ყოველთვის მიყვარდა და წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და როცა ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ სურათებს, სახლის გვერდით ბომბები რომ იყო ჩამოყრილი... და მე რომ ეს ქვეყანა მასანქცირებს და ჩემს მეგობრებს ბოდიში უნდა ვუხადო, ეს ჩემთვის არის მძიმე. უამრავი აქეთ მიხდიდა ბოდიშს, სხვათაშორის, ჩემი უკრაინელი მეგობრები, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რა ხალხმა დამასანქცირა და რატომ... უკრაინის სანქციები, რა თქმა უნდა, არ მადარდებს, გარდა იმისა, რომ ადამიანურად მიყვარს ძალიან ის ქვეყანა, უკრაინის სანქცია არანაირად არ აისახება [ფინანსურ მდგომარეობასა და ბიზნესზე]...

მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს, იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება და აგიხსნით, რატომ. სხვა ქვეყანას შეუძლია, დამასანქციროს, ამერიკას - ვერ, მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს.

ამბობს ბიზნესმენი, TV იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

რადიო თავისუფლების რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა წინასაარჩევნო გარემო, სადავო არჩევნები, პროდასავლური საპროტესტო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა. 

ამავდროულად, წერილი შეიცავს "ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებელი ქსელის" სიას, რომელიც ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრების, ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების, ასევე, მოსამართლეების და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან რეჟიმთან დაახლოებული პირებისგან შედგება. მათ შორისაა, TV იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძეც.  წერილის ავტორები სახელმწიფო მდივნისგან ამ ადამიანების დასანქცირებას მოითხოვდნენ. 

კომენტარები