ქართული ოცნების დეპუტატი, შოთა ხაბარელი აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებსა და ირაკლი კობახიძისა და აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრას გამოეხმაურა.
"მე ვფიქრობ, ირაკლი კობახიძის განცხადება ზუსტი იყო. იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ასეთი უსაფუძვლო შემოტევები მიუღებელია - მით უმეტეს, არჩევნების წინ. ყველამ კარგად იცის, ეს რას ემსახურება. ეს არის პირდაპირი შეტევა ხელისუფლებაზე. კიდევ ვიმეორებ, ასეთი განცხადებების გაკეთება უსაფუძვლოა.
ურთიერთობების გადახედვა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ისეთ განცხადებას უნდა აკეთებდეს, რაც ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას შეესაბამება. გადახედვა შეჩერებას არ ნიშნავს. გადახედვა ნიშნავს ამ ყველაფრის ერთობლიობის რაღაცნაირად დაბალანსებას". - ამბობს ხაბარელი.
გუშინ, 17 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირებისთვის სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესების გამო "შეშფოთება გამოთქვა".
"[კობახიძემ] აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს" - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა საქართველოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ. სანქცირებულებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები მთავრობასა და მუნიციპალიტეტებში, ბიზნესების ხელმძღვანელები, დეზინფორმაციისა გამავრცელებლები, ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობები, სამართალდამცველები და პარლამენტის წევრები.





