ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დამკვირვებლები დროებით დააკავეს. ინფორმაციას სადამკვირვებლო მისია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
EUMM-ის ცნობით, დამკვირვებლები ხურჩის რაიონში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის მახლობლად "გეგმიური პატრულირების განხორციელებისას" დააკავეს.
დაკავებული პირები უკვე გაათავისუფლეს.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს" - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
მომხდარის გამო, ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციისთვის EUMM-ის მიერ მართული ცხელი ხაზი გააქტიურდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზანს საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების თავიდან აცილება და გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნება, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ცხოვრების ხელშეწყობა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა წარმოადგენს.