რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ანდრეი კოლესნიკის თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები ბირთვული იარაღის საშიშროებას არ ითვალისწინებენ, ამიტომ რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მდებარე პოლიგონზე ბირთვული იარაღი უნდა გამოცადოს, რათა კაცობრიობა "დაფიქრდეს".
ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა Lenta.ru-სთან ისაუბრა.
"მოდუნება არ ღირს. საჭიროა, სადმე, რომელიმე პოლიგონზე, ბირთვული აფეთქება მოვაწყოთ. ახლა ჩვენთან ბირთვული ცდები აკრძალულია, მაგრამ იქნებ ადამიანებს უღირთ, ნახონ და გაიგონ, სინამდვილეში ეს ყველაფერი სადამდე მიდის. თუ მორატორიუმს მოვხსნით, იქნებ კაცობრიობა დაფიქრდეს". - თქვა კოლესნიკმა.
14 სექტემბერს, მოსკოვი კიევის "უზარმაზარ დამდნარ ადგილად" გადაქცევით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მოკავშირეები დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას მისცემენ.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი და აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვაშინგტონში შეხვდნენ, რათა უკრაინის მიერ ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე ემსჯელათ, თუმცა გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ.
ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში პირდაპირ ჩაერთვება, თუკი იგი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებას დართავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი კონფლიქტის მასშტაბსა და ხასიათს შეცვლის.
ხოლო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლის, ჯონ კირბის 13 სექტემბრის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის გადაცემული შორი მანძილის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მინიჭების თაობაზე პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს. მიუხედავად ამ განცხადებისა, უცნობია, მიიღო თუ არა აშშ-მ უკრაინისთვის შესაბამისი ნებართვის მიცემის გადაწყვეტილება.





