რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილე აპტი ალაუდინოვი ამბობს, რომ არ აპირებს ტყვეობიდან დაიხსნას ის ჩეჩენი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდნენ.
საკუთარ ტელეგრამ-არხზე ალაუდინოვმა თქვა, რომ მას მიმართავენ ტყვედ აყვანილი ჩეჩნების ნათესავები და სთხოვენ, რომ მათ გათავისუფლებაში დაეხმარონ. ახმატის მეთაურის თქმით, "განრისხდა", როცა ნახა კადრები, რომლებშიც ხელებაწეული ჩეჩენი სამხედრო ტყვეები უკრაინელ ჯარისკაცებს სთხოვდნენ, რომ ალაუდინოვისთვის მიემართათ. ტყვეები ამბობდნენ, რომ ახმატის მეთაურმა იცოდა, როგორ უნდა მომხდარიყო მათი გაცვლა და გათავისუფლება.
ალაუდინოვმა თქვა, რომ ის ტყვედ ჩაბარებულ ჩეჩნებს არანაირ პატივს არ სცემს და მისი აზრით, ისინი სიცოცხლეს არ იმსახურებენ.
"მე თქვენ საერთოდ არანაირ პატივს არ გცმთ. ვთვლი, რომ, საერთოდაც, სიცოცხლესაც არ იმსახურებთ, რადგან მე მაკვირვებს, საერთოდ როგორ აპირებთ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც თქვენი თათები აწიეთ და გოგოებივით ტყვედ ჩაბარდით, თქვენს ოჯახის წევრებს თვალებში როგორ ჩახედავთ." – თქვა ალაუდინოვმა.
ალაუდინოვის თქმით, მზადაა იშუამდგომლოს სხვა ტყვეების დასაბრუნებლად, მაგრამ არა ჩეჩნების, რომელთათვისაც, მისივე მტკიცებით, ტყვედ ჩავარდნა "უდიდესი სირცხვილია". ახმატის მეთაურის თქმით, გამონაკლისს მხოლოდ მძიმედ დაჭრილებისა და ტვინის შერყევის მქონე ჩეჩენი სამხედროებისთვის დაუშვებს.
ახმატის სპეცდანიშნულების რაზმის მრავალი სამხედრო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების დროს ჩაბარდა.





