ირაკლი კობახიძე

მთავრობა 1 200 სამხედრო მოსამსახურისთვის 43 კორპუსის აშენებას გეგმავს - კობახიძე

საქართველოს მთავრობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს - აღნიშნულ პროექტზე განცხადება დღეს, 16 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პროექტის ფარგლებში მთავრობა 43 კოპრუსის აშენებას გეგმავს, ხოლო ბინები პირველ ეტაპზე 1 200 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა.

"ვიწყებთ ახალ, ძალიან მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1200 სამხედრო მოსამსახურეს - ეს არის, რა თქმა უნდა, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება.

თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველეზე სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში, მხოლოდ $100 დოლარს გადაიხდიან და ამის დასაფარად, უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს.

ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად - სამხედროები 50, 80 და 120 კვ.მ-ის ბინებს მიიღებენ.

მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი, ამას უზრუნველყოფს ჩვენი თავდაცვის კოდექსი და ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები გააუმჯობესებს სამხედროების და მათი ოჯახების სოციალურ პირობებს და ბუნებრივია, გაზრდის სამხედრო სამსახურში ჩართვის სურვილს". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები