უკრაინელი ტყვეები

ზელენსკი: 49 უკრაინელი დაბრუნდა შინ რუსეთის ტყვეობიდან

უკრაინელი ტყვეების შინ დაბრუნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ  რუსეთის ტყვეობიდან შინ [უკრაინაში] 49 უკრაინელი დაბრუნდა

მათ შორის არიან მეომრები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, გვარდიიდან, ეროვნული პოლიციისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მაგალითად, ლენიე უმეროვა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსებმა მძევლად მაშინ აიყვანეს, როცა ავადმყოფი მამის მოსავლელად მიდიოდა. გათავისუფლდა აზოვსტალის მცველიც, ასევე სახლში დაბრუნდა ვიქტორ ივჩუკი, სამხედრო მედიკოსი და უკრაინის გმირი.

"ჩვენი ხალხის კიდევ ერთი დაბრუნება. ის, რასაც სულ ველოდებით და რის მისაღწევადაც დაუღალავად ვშრომობთ". - წერს ზელენსკი.

ზელენსკი მადლობას უხდის მთელს გუნდს, ვინც რუსული ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ უკრაინულ ქვედანაყოფს, რომელსაც წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის "გაცვლითი ფონდის" შევსებაში. ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც რუს ოკუპანტებს ატყვევებენ, და ყველა ჩვენს სამსახურს, რომელიც რუს დივერსანტებს და კოლაბორატორებს ანეიტრალებს, ვინც ჩვენს ხალხს განთავისუფლებასთან აახლოებს. ჩვენ შინ უნდა დავაბრუნოთ თითოეული, ჩვენი ხალხი, სამხედროც და სამოქალაქოც". - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები