სტამბოლის 19 ივნისის შეთანხმების ფარგლებში უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა.
სამხედრო ტყვეების დაბრუნებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
"ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. ისინი არიან შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, სასაზღვრო პოლიციიდან. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
აქ არიან უკრაინის მცველები, რომლებიც იბრძოდნენ დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში. ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაბრუნებაზე".
საკოორდინაციო შტაბმა დააზუსტა, რომ რუსეთმა და უკრაინამ "მძიმედ ავადმყოფები და დაჭრილი" ტყვეები გაცვალა.
შტაბის ანგარიშის თანახმად, თითოეულ გათავისუფლებულ უკრაინელ ჯარისკაცს მძიმე სამედიცინო დიაგნოზები აქვს. უმრავლესობას დაკარგული აქვს წონა, კუჭის წყლული, მხედველობის პრობლემები. ასევე რიგ შემთხვევებში სისხლ-ძარღვებისა და საჭმლის მონელების პრობლემები.
ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროები გაივლიან ყველა აუცილებელ სამედიცინო შემოწმებასა და პროცედურას.





