იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველ, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
"კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება". - წერია პარლამენტის განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.
პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მე-2 მოსმენით 4 სექტემბერს მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.
ასევე, დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან/და რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.
ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელი ხდება.
კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია.
გარდა მამისა, კანონპროექტით დაუშვებელია ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ" კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება აღნიშნული 19 კანონის მეშვეობით.





