უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია.
"დღეს ჩავატარე თათბირი ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან. [...] უკრაინის ელჩს უნდა ჰქონდეს კონკრეტული რეზულტატი, გააჩნდეს სიმამაცე და აქტიურობა. ომში მყოფი ქვეყნის ელჩები არ უნდა იყვნენ მოწყვეტილნი ომის რეალიებს. ამასთან დაკავშრებით, საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება მივიღე. მშვენივრად ვიცი რას ნიშნავს იყო ელჩი. დღეს თითოეული მათგანი საკუთარი ინიციატივით უნდა მოქმედებდეს და არ ელოდებოდეს მითითებებს ცენტრიდან". – წერს სოციალურ ქსელში სიბიგა.
გარდა ამისა ახალმა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი მოადგილე ირინა ბოროვეცი.
ანდრიი სიბიგა უკრაინელი დიპლომატი და იურისტია. 2016-2021 წლებში იყო უკრაინის ელჩი თურქეთში. 2024 წლის 12 აპრილიდან იკავებდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს. 2024 წლის 5 სექტემბერს სიბიგამ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დმიტრო კულება ჩაანაცვლა.





