"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტიაში მზად არიან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი შეცვალონ.
"როგორც ჩემს წინა გამოსვლებში, თქვენს წინაშეც მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მე და ჩემს გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს და საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი". - თქვა ივანიშვილმა.
მან ასევე კვლავ გაიმეორა, რომ გამარჯვებისთანავე "ქართული ოცნება" მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, გაძლიერებისა და დაცვის მიზნით "კონკრეტულ ნაბიჯებს" გადადგამს.





