ვლადიმირ პუტინი

პესკოვი: ჰარისის შესახებ პუტინის კომენტარი თავად გაშიფრონ, კრემლი ვერ დაეხმარებათ

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა და კრემლის პროპაგანდისტმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის კომენტარის ტონი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის შესახებ "ამით დაინტერესებულმა" უცხოელმა კოლეგებმა, როგორც რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა TACC წერს, "კრემლის დახმარების გარეშე უნდა გაშიფრონ". 

"როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ეკითხებიან, [პუტინი] შესაბამის კომენტარს აკეთებს. რაც შეეხება ტონს, უცხოეთში ამით დაინტერესებულებმა თავად გაშიფრონ. მოდი, არ წავართვათ მათ ეს შესაძლებლობა" - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. 

5 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა თქვა, რომ იგი მხარს კამალა ჰარისს უჭერს. 

"რაც შეეხება ფავორიტებს [აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში], ჩვენი გასარკვევი საქმე ეს არ არის. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია. ჩვენი ფავორიტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო ბატონი ბაიდენი. ის მოხსნეს, მან კი ქალბატონი ჰარისის მხარდაჭერა გვირჩია. ასეც მოვიქცევით, [ჰარისს] დავუჭერთ მხარს" - თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე "გაიხუმრა", რომ კამალა ჰარისს "გადამდები სიცილი" აქვს, რაც მის "კარგად ყოფნაზე" მეტყველებს და მხიარულ განწყობაზე, იქნებ, თავიც შეიკავოს "ანტირუსული სანქციების დაწესებისგან". 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება. კამალა ჰარისის მეტოქე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი იქნება. 

კომენტარები