National Journal-თან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს ნიუ ჰემფშირის შტატის სენატორმა, ჯინ შაჰინმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძის ერთადერთი თხოვნა იყო აშშ-ს მხრიდან იმ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა, ვინც ქართული ოცნების მთავრობას აკრიტიკებს, პრემიერის თქმით, ეს არის ტყული და მას ასეთი რამ არ უთხოვია.
"ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი". - უთხრა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
National Journal-თან მიცემულ ინტერვიუში ჯინ შაჰინმა საქართველოში მის ბოლო ვიზიტსა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
საქართველოში ვიზიტისას შაჰინი შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. შაჰინმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა უცხოური აგენტების კანონის შემოღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაუარესება. სენატორის თქმით, ირაკლი კობახიძის ერთადერთი თხოვნა იყო აშშ-ს მხრიდან იმ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა, ვინც ქართული ოცნების მთავრობას აკრიტიკებს. შაჰინის აზრით, საქართველოს მთავრობას ამ გზით სურს დიქტატურის დამყარება.





