National Journal-თან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს ნიუ ჰემფშირის შტატის სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოში მის ბოლო ვიზიტსა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
ინტერვიუში ჯინ შაჰინი შეეხო ოქტომბრის არჩევნებს: "სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის დემოკრატიული გზიდან გადახვევა, თანაც ისეთი გზებით, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის სურვილებს არ შეესაბამება. ჩემი აზრით, რთული წარმოსადგენია, როგორ დარჩება საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად, თუ არჩევნები არ ჩატარდება სამართლიანად და თავისუფლად".- თქვა მან.
საქართველოში ვიზიტისას შაჰინი შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. შაჰინმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა უცხოური აგენტების კანონის შემოღებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კანონის რეალური მიზანი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და განსხვავებული აზრის ჩახშობაა.
"ისინი [საქართველოს მთავრობა] ამტკიცებენ, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა, რომ მათ სურთ მოვლენებს თვალყური ადევნონ. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ახლა ხდება. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე. ეს არის განსხვავებულ აზრთან ბრძოლა".
საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაუარესება. სენატორის თქმით, ირაკლი კობახიძის ერთადერთი თხოვნა იყო აშშ-ს მხრიდან იმ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა, ვინც ქართული ოცნების მთავრობას აკრიტიკებს. შაჰინის აზრით, საქართველოს მთავრობას ამ გზით სურს დიქტატურის დამყარება.
"კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ მთავრობა ოპოზიციური პარტიების დაშლაზე საუბრობს. ისინი ფაქტობრივად, ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია". - თქვა შაჰინმა ქართულ ოცნებაზე.
სენატორის თქმით, აგენტების კანონი იმეორებს რუსეთში წარსულში შემოღებულ მსგავს კანონს, რომლის შედეგადაც რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუწია. სენატორის აზრით, საქართველოში იგივე სცენარი მეორდება.
"ჩვენ მოვუსმინეთ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ამ მოგზაურობის დროს კიდევ შევხვდით რამდენიმე მათგანს, მათ შორის იმათ, ვინც ჩართულია არჩევნების მონიტორინგში და ზრუნავს საქართველოში ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებაზე.
რაც ამ ჯგუფებისგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ისინი ქვეყნის შიგნით მუშაობას ვეღად შეძლებენ. ეს კანონი რუსეთში მიღებული მსგავსი კანონის ანარეკლია, რომელმაც რუსეთიდან სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გადინება გამოიწვია. ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა იგივე ხდება საქართველოშიც". - თქვა სენატორმა.
შაჰინმა ასევე ხაზი გაუსვა შემოღებული კანონის შეუსაბამობას ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო მოთხოვნებთან.
"ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს, ამიტომ მან [ევროკავშირმა] საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურასთან დაკავშირებით რეალური წითელი დროშები აღმართა".
სენატორმა ასევე ისაუბრა აშშ-ს მხრიდან 95 მილიონიანი დახმარებისა და სამხედრო წვრთნების შეჩერებაზე. მისი თქმით, მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვა.
"ახლა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკის შეფასება, ამ შეფასებაზეა დამოკიდებული დაფინანსების აღდგენაც. ჩვენ ასევე შევაჩერეთ ჩვენი სამხედრო წვრთნები, რასთან დაკავშირებითაც მოვისმინეთ შეშფოთება [საქართველოს] თავდაცვის მინისტრისგან. თუმცა, როგორც ვუთხარით თავდაცვის მინისტრსაც და პრემიერმინისტრსაც, ჩვენთვის ძნელია გავამართლოთ ჯარების შემოყვანა და სამხედრო წვრთნები იმ მთავრობასთან, რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობას აბრალებს. თქვენ გაქვთ ეს შეთქმულების თეორია, რომ შეერთებული შტატები ხელისუფლების დამხობას ცდილობს. ჩვენ არ გვინდა ისეთი რამის გაკეთება, რაც ხელს შეუწყობს ამ შეთქმულების თეორიას".
ინტერვიუში სენატორი ასევე საუბრობს მაისში წარდგენილ MEGOBARI აქტზე. შაჰინი იმედოვნებს, რომ პროექტით გათვალისწინებული რიგი დებულებები და სანქციები"წინ წაიწევს".
"ჩვენ ველოდებით საბანკო კომიტეტის ხელმოწერას არსებული სანქციების დებულებების შესახებ. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ უცხოური აგენტების კანონით და სამოქალაქო საზოგადოების შელახვის სხვა მცდელობებით. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, თუ რამდენად იქნება ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი და ჩვენთვის შემაშფოთებელია ქართული ოცნების მხრიდან იმ დისიდენტების დევნის ორკესტრირებული ძალისხმევა, რომლებიც არ ეთანხმებიან მთავრობის პოლიტიკას. ჩვენ ვისაუბრეთ უამრავ ადამიანთან, ვინც ცემეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლის გამო". - თქვა ჯინ შაჰინმა.





