ვენეციის კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის The antique-ს ჩვენება ხელახლა დაუშვეს. როგორც კინოფესტივალის პროგრამა Giornate degli Autori წერს, ფილმის ავტორიზაციაზე გადაწყვეტილება ვენეციის სასამართლომ მიიღო და მანვე აღიარა საკუთარ ნამუშევრებზე "რეჟისორის მორალური უფლებები".
კინოფესტივალზე ფილმის ჩვენება 6 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე შედგება.
"ჩვენ არც ერთი წამით არ შეგვიწყვეტია რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის განუყოფელი უფლების, ანუ მისი ფილმის ვენეციის მაყურებლის ჩვენების მნიშვნელობის მხარდაჭერა.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, კინემატოგრაფისტთა ყველა ასოციაციის სოლიდარობით, წარმოგვედგინა შესაგებებელი სარჩელი ვენეციის სასამართლოში, რომელშიც ჩართული იყო ადვოკატების, ფაბიო მორეტის, მანუელა მოლინარისა და ჯულიო ბერინოს გუნდი საერთაშორისო სამართლის საქმეებზე მომუშავე კომპანია Castaldipartners-იდან, რომელიც მოქმედებდა ადვოკატ გენდალინა პონტისთან, ჩვენს მრჩეველთან ერთად.
ვენეციის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და ცალსახად დანიშნა ჩვენება, რეჟისორის მორალური უფლებების აღიარებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლიანობა აღსრულდა კინემატოგრაფიულ ხელოვნებასთან, ჩართულ შემოქმედებასთან, ქართველ კინორეჟისორ რუსუდან გლურჯიძესთან და თავად მის ფილმთან მიმართებაში. უპირველეს ყოვლისა, შეიქმნა პრეცედენტი ვენეციის კინოფესტივალზეც, რომელიც ყველგან სარგებელს მოუტანს კინემატოგრაფისტებს“. - თქვა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროგრამის დირექტორმა, ფრანჩესკო რანიერი მარტინოტიმ.
ვენეციის სასამართლოს საგანგებო განკარგულების საფუძველზე, ვენეციის კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის ჩვენება საავტორო უფლებების შესახებ დავის გამო 27 აგვისტოს შეჩერდა.
შემადგენლობიდან მოიხსნა, როგორც 28 აგვისტოს პრესისათვის დაგეგმილი ჩვენებები, ისე 30 აგვისტოსა და 6 სექტემბრის საჯარო ჩვენებები.
რუსუდან გლურჯიძე ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია, გადაღებული აქვს ფილმები "ნოქტიურნი", "ოსკარი", "სხვისი სახლი".
გლურჯიძის სადებიუტო ფილმმა House Of Others კარლოვი ვარის 2016 წლის კონკურსში გრან პრი მიიღო და წარდგენილი იყო ოსკარის 89-ე დაჯილდოებაზე.
როგორც რეჟისორი "ანტიკვარზე" აღნიშნავს: "ინსპირირებული იყო რეალური მოვლენებით, რომლებმაც დიდი უბედურება გამოიწვია ჩემი ქვეყნისთვისაც და პირადად ჩემთვისაც. ეს სასტიკი დეპორტაციის კამპანია მიმართული იყო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს იყო ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების შედეგი. პირველ დღეებში 2680 ქართველი გააძევეს".
ცნობისთვის, რუსუდან გლურჯიძე 2023 წელს კინოცენტრის წინააღმდეგ პროტესტს, კინემატოგრაფისტების ბოიკოტს არ შეუერთდა.
ეროვნული კინოცენტრის ადმინისტრაციამ გლურჯიძე ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის წევრად დანიშნა. ჟიურის სხვა წევრებს შორის იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდრავა და POSTV-ის პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარია.





