უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 5 სექტემბრის ღამეს 60 რუსული დრონი გაანადგურა.
სულ ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 78 დრონი ააფრინეს. 15 უპილოტო საფრენი აპარატი დაიკარგა, ხოლო 3 რუსეთსა და ბელარუსში დაბრუნდა.
"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებულია 60 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. 2 დრონი რუსეთში დაბრუნდა, ხოლო 1 – ბელარუსში. ნგრევის ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.
საჰაერო იერიშის მოსაგერიებლად გამოყენებული იქნა ავიაცია, საზენიტო ჯარები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
დრონები კიევის, ჩერკასის, კიროვგრადის, ვინიცკის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





