რუსული კანონი

ხარჩილავა: წალენჯიხას რუსული კანონის გამო ევროპული დაფინანსების გრანტი გაუუქმდა

წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, მუნიციპალიტეტებს და მათ შორის, წალენჯიხას, რუსული კანონის მოქმედების გამო ევროკავშირის გრანტი გაუუქმდათ.

"მუნიციპალიტეტმა გრანტი მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო ეს კანონი, გაუქმდა ეს გრანტი და მე გაგაცნობთ მიმდინარე პროცესებს.

ტურიზმის სტრატეგია წალენჯიხაში არის გაუქმებული. ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩვენ ჩავახსენით მეგობრებს, ჩვენ ჩავეხსენით დაფინანსებას და პირველი ხელშესახები, რაც აქ ხდება, ეს ჩვენგან დეკლარირებულია. სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ.

გეუბნებით, რომ წალენჯიხას გრანტი გაუუქმდა ევროპული დაფინანსებისა. იმის გამო, რომ რუსული კანონი ჯერჯერობით მოქმედებს საქართველოში." - ამბობს წალენჯიხის მერი.

ხარჩილავა დარწმუნებულია, რომ "მთელი ხელისუფლება ამ კანონის  ნეგატივს მალავს და ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც შეუძლია მორალური ღირებულებებიდან გამომდინარე გამოაჩინოს ეს საკითხი, ეს არის წალენჯიხა."

საუბარია 4-წლიან პროექტზე შემოქმედებითი კომპასი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება.

პროექტი 2023 წელს დაიწყო და დასრულების ვადად 2027 წელი იყო განსაზღვრული.

როგორც ევროკავშირის ვებგვერდზე წერია, "საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია. "შემოქმედებითი კომპასი საქართველო" გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი და კულტურის სექტორის მდგრადი მხარდაჭერისთვის."

კომენტარები