BIAFF (საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი)-მა ბათუმის მერიისა და აჭარის კულტურის სამინისტროსგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე წელსაც უარი მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
კინოფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, BIAFF-ის დაფინანსებაზე უარს არ ჰქონდა ლოგიკური და არგუმენტირებული მიზეზი.
"ბიაფის არდაფინანსებას არ აქვს არანაირი ლოგიკური და არგუმენტირებული მიზეზი. აჭარის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული, საერთაშორისო დონის ფესტივალია. ყოველწლიურად ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს კინომოყვარულებისთვის და ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც აქვს სამინისტროს და მერიას, ბიაფი სრულად პასუხობს" - თქვა ზვიად ელიზიანმა, გამოცემა ბათუმელებთან.
როგორც ელიზიანი გამოცემასთან ამბობს, კომისიამ, რომელსაც კინოფესტივალის დაფინანსების საკითხი უნდა გადაეწყვიტა ოფიციალურ მიზეზად "საჭირო ქულების ვერ დაგროვება" დაასახელა.
"ოფიციალურ მიზეზად, თუ რატომ ვერ დაფინანსდა ფესტივალი, გვითხრეს, რომ ბიაფმა ვერ დააგროვა საჭირო ქულები. წარმოუდგენელია, რომ ამ 15 ფესტივალში რომ ვერ ხვდება ბიაფი.
ეს ან იმის მანიშნებელია, რომ კომისიის წევრები აბსოლუტურად არაკომპეტენტურები იყვნენ, (რადგან ბიაფი რომ ვერ ფინანსდება, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ იცი რა ხდება კულტურის სფეროში და ფესტივალებში), ან მეორეა, რომ ეს იყო წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება". - თქვა ელიზიანმა, გამოცემასთან.
გამოცემა ბათუმელების ცნობით, დაფინანსებაზე უარის მიუხედავად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო მე-19 ფესტივალი ბათუმში მაინც ჩატარდება.





